25 ივლისი 2026,   20:05
ვრცლად
ქვემო ქართლში მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტების საჯარო განხილვა დაიწყო

ქვემო ქართლის რეგიონში მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტების საჯარო განხილვა დაიწყო.

პროცესის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა.

მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა, მოსახლეობას გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული პროექტები დეტალურად წარუდგინა.

ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მომზადებულ სტრატეგიულ დოკუმენტში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია საგზაო და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სრულ მოწესრიგებაზე, რაც რეგიონისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. გარდა ამისა, პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს სკოლამდელი და სასკოლო განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, ასევე ადგილობრივი ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის მაქსიმალური ათვისება, რაც ახალი სამუშაო ადგილების გაჩენასა და მუნიციპალიტეტის საერთო სოციალურ-ეკონომიკურ დაწინაურებას შეუწყობს ხელს.

მუნიციპალიტეტებში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დავალებით ხორციელდება, ხოლო პროცესის კოორდინაციას რეგიონული განვითარების სამინისტრო უზრუნველყოფს.

მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია წარმოადგენს ადგილობრივი განვითარების გრძელვადიან ხედვას, რომელიც უშუალოდ მოსახლეობის საჭიროებებსა და პრიორიტეტებს ეფუძნება.

სტრატეგიის მთავარი მიზანი მუნიციპალიტეტის მდგრადი, თანმიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული განვითარებაა.

შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზურაბ იაშვილი, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური, თვითმმართველობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.

დღის ამბები