საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ელექტროენერგიის მასშტაბურ გათიშვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შუქის მიწოდება ეტაპობრივად განახლდა.
„დღეს, დაახლოებით 08:00 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება მოკლე პერიოდით ავარიულად გაითიშა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ავარიიდან მოკლე დროში, 08:05 საათიდან ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგა თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს. ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, პარალელურად, მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია.