EUobserver-ის ინფორმაციით, უკრაინის უმაღლესი რადის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ და ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ეჭვგარეშეა, თუმცა ამ გზაზე რთული დაბრკოლებების გადალახვა როგორც კიევს, ისე ბრიუსელს მოუწევს.
გამოცემასთან ინტერვიუში კლიმპუშმა აღნიშნა, რომ 2022 წელს, რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროპელთა აზროვნებაში გეოპოლიტიკური გარდატეხა მოხდა, რასაც გაფართოებისა და ევროკავშირის შიდა რეფორმების შესახებ აქტიური დებატები მოჰყვა.
თუმცა, დეპუტატის შეფასებით, დღეს ევროკავშირის შიდა სტრუქტურულ ცვლილებებზე მსჯელობა შენელდა, რაც შეცდომაა, რადგან არც უკრაინას და არც კანდიდატ სხვა ქვეყნებს არ სურთ გაწევრიანებისთვის განუსაზღვრელი ვადით იბრძოლონ. გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა, რომ ევროპის ცალკეულ ქვეყნებში პოლიტიკური ძალების ცვლილებამ, შესაძლოა, პროცესს დამატებითი ბარიერები შეუქმნას.
როგორც EUobserver წერს, უკრაინის შიდა გამოწვევებზე საუბრისას კლიმპუშმა ღიად აღნიშნა საომარი მდგომარეობის თანმდევი რისკები.
მისი თქმით, არსებულმა ვითარებამ მოქმედ პოლიტიკოსთა ნაწილში გააჩინა ცდუნება, უკან დახიონ 2014 წლის შემდეგ მიღწეული დემოკრატიული მონაპოვარი, მათ შორის, ხელისუფლების დეცენტრალიზაცია და მედიის თავისუფლებაში ჩაურევლობა. დეპუტატის თქმით, უკრაინას ჯერ კიდევ აქვს საშინაო დავალებები შესასრულებელი, თუმცა ეს პრობლემები სრულად მოგვარებადია.
პროცესის მნიშვნელოვან წინსვლად დასახელდა ის ფაქტი, რომ ივნისში ევროკავშირთან გაწევრიანების ოფიციალური მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიხსნა.
რაც შეეხება ევროპელთა შიშებს უკრაინაში არსებულ კორუფციის დონესთან დაკავშირებით, კლიმპუშმა ირონიით აღნიშნა: "მსურს ვნახო ის ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირში ისე გაწევრიანდნენ, რომ კორუფციის პრობლემა არ ჰქონდათ", თუმცა იქვე დასძინა, რომ უკრაინა რეფორმების გზას აქტიურად გააგრძელებს.