29 ივლისი 2026,   12:01
ვრცლად
რუსთავში, ძველი რუსთავის რესტავრაცია-რეაბილიტაციის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი ხორციელდება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, რუსთავის ისტორიულ უბნებში, 100 საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-რესტავრაციას, არქიტექტურული სტილის სრული შენარჩუნებით განახორციელებს.

ამ ეტაპზე, სამუშაოები ასლანიკაშვილის N3, N5, N7, N11, ბათუმის N19 და N25 საცხოვრებელ კორპუსებში მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში, კი ანალოგიური სამუშაოები დაიწყება ჭავჭავაძის და მშენებელთა ქუჩებზეც.

რეაბილიტაციის პროცესს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

„ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, რუსთავში უმნიშვნელოვანეს პროექტებს ახორციელებს და მათ შორისაა ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც ძველ რუსთავში 100-მდე საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-რესტავრაციას ითვალისწინებს. პროექტის მიმდინარეობის პროცესში, ხშირი კომუნიკაცია გვაქვს მოსახლეობასთან იმისთვის, რომ მათი ინტერესები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ. თითოეული რუსთაველისთვის ძველი რუსთავის ეს უბნები, თავისი არქიტექტურით განსაკუთრებით ძვირფასია. გამაგრება- რეაბილიტაციის შემდეგ, ეს ქუჩები ისეთივე სავიზიტო ბარათი იქნება ჩვენი ქალაქისთვის, როგორც კოსტავას გამზირი და რუსთაველის ქუჩაა", - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

პროექტი, ძველი რუსთავის 12 სხვადასხვა ქუჩას მოიცავს და ბათუმის ქუჩაზე არსებული 8 ჰექტარი ფართობის რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს.

რუსთავში სხვადასხვა პროექტის ფარგლებში გამაგრება-რეაბილიტაცია, დღისათვის 18 საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარეობს.

დღის ამბები