პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე ატეხილი აჟიოტაჟი მსჯავრდადებულ ირაკლი ღარიბაშვილის დეზინფორმაციამ და პროვოკაციულმა განცხადებებმა გამოიწვია, რასაც მიზანმიმართულად აჰყვნენ ნიკა გვარამია და სხვა ოპოზიციონერები. მისი შეფასებით, ყოფილი პრემიერი და ოპოზიცია ერთ თამაშს თამაშობენ, რაც მმართველი გუნდის დისკრედიტაციას ემსახურება.
"პროკურატურის მხრიდან სწორმა სამართლებრივმა რეაგირებამ მოგვცა სურათი, რომ თითოეული იმ ადამიანთაგან, რომელიც აჟრიამულდა და აჰყვა ღარიბაშვილის პოსტს, იტყუებოდა თავის მხრივ. ახლა აკეთებენ განცხადებებს, რომ მათ არანაირი დამატებითი ინფორმაცია არ აქვთ ამ თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით. ახლა დაკითხვაზეც, ალბათ, კიდევ ერთხელ უარყოფენ, რომ რაიმე დამატებითი სასარგებლო ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ.
სამწუხაროა, რომ მთლიანად ეს აჟიოტაჟი და გვარამიების და ჟორჟოლიანების მაგვარი დეზინფორმატორების ჟრიამული გამოიწვია ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულმა დეზინფორმაციამ და იმ პროვოკაციულმა განცხადებებმა, რომელმაც მხოლოდ "ნაცმოძრაობის" აქტივი ააჟრიამულა. როგორც ჩანს, ერთ თამაშს თამაშობენ ახლა და რაც მთავარია, ნიკა გვარამია ღარიბაშვილს აგულიანებდა, რომ ატკინე, დააზიანე მაინცო და ალბათ ამ ხაზის გაგრძელება უფრო იყო ეს პოსტი. გვარამიას რჩევებს აყოლილი ჩვენი ყოფილი თანაგუნდელი "ნაცმოძრაობის" ნარატივზე არცერთ შემთხვევაში არ უნდა დაჯდეს", - აცხადებს ნინო წილოსანი.
ცნობისთვის: ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო გამოკითხვები გრძელდება. პოლიციის მთავარ სამმართველოში ნიკა გვარამიას გამოკითხვა მიმდინარეობს, დღის განმავლობაში კი გია ხუხაშვილსა და გიორგი გიგაურს ელოდებიან. ირაკლი ღარიბაშვილს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გამოკითხავენ. იმ 11 პირიდან, ვისი გამოკითხვაც იგეგმება, ნაწილი აცხადებს, რომ საქმეს საერთოდ არ იცნობს და მათი განცხადებების საფუძველი მხოლოდ ღარიბაშვილის წერილი იყო. რაც შეეხებათ ნანუკა ჟორჟოლიანს, ხატია დეკანოიძესა და თაზო დათუნაშვილს - მათ ჩვენების მიცემა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვეს.