23 სექტემბერი 2026,   20:31
ვრცლად
ცოტნე ანანიძე: ახალგაზრდებთან ურთიერთობა, მათთან პირდაპირი დიალოგი ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. სწორედ ასეთი ინტერაქციული შეხვედრები ეხმარება მომავალ თაობას, უკეთ გაიაზროს საკუთარი როლი სახელმწიფოებრივ პროცესებში

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს თავმჯდომარე - ფატი ხალვაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის მე-2 საჯარო სკოლის მაღალი კლასების მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდნენ.

საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე, სტუმრებს, ქვეყნის ტერიტორიულ მოწყობაზე, სახელისუფლებო შტოებზე, მათ შორის დაბალანსებული და კოორდინირებული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ესაუბრა. ცოტნე ანანიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აჭარის უმაღლესი საბჭოს სტრუქტურაზე, კანონშემოქმედებითი საქმიანობის ძირითად პრინციპებსა და სპეციფიკაზე, უპასუხა ახალგაზრდების შეკითხვებს.

"ახალგაზრდებთან ურთიერთობა, მათთან პირდაპირი დიალოგი ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. სწორედ ასეთი ინტერაქციული შეხვედრები ეხმარება მომავალ თაობას, უკეთ გაიაზროს საკუთარი როლი სახელმწიფოებრივ პროცესებში“,- აღნიშნა ცოტნე ანანიძემ.
მოსწავლეებს უმაღლესი საბჭოს სტრუქტურულ ერთეულებსა და საკომიტეტო საქმიანობაზე ინფორმაცია ფატი ხალვაშმა გააცნო. ახალგაზრდები განსაკუთრებით დაინტერესდნენ თანატოლების მხრიდან შემოტანილი პეტიციებით და იმ პროცედურებით, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში მათ დარეგისტრირებასა და განხილვას უკავშირდება.
უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრამდე, მოსწავლეები მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრში გაეცნენ უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობის ისტორიას, თავად ცენტრისა და ონლაინპლატფორმა - chaerte.sca.ge-ის სერვისებს, დაათვალიერეს შენობა.

დღის ამბები