23 სექტემბერი 2026,   20:30
ვრცლად
"პრემიერმა მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტ ტრამპის სახელით გამართულ ვახშამში, მიღებაში, რომელზეც მიწვეული იყო საქართველოს დელეგაცია" - მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან მსოფლიო ლიდერებს სიტყვით ხვალ მიმართავს. მანამდე ნიუ-ორკში ირაკლი კობახიძე პანელურ დისკუსიებში მონაწილეობს და ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

პრემიერმა მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტ ტრამპის სახელით გამართულ ვახშამში, სადაც მიწვეული იყო საქართველოს დელეგაცია. გაეროში გენერალური დებატები გუშინ გაიხსნა. განხილვის მთავარი მიმართულებები - მსოფლიოში არსებული დაპირისპირებები, კონფლიქტები და ძალაუფლების გადანაწილებაა.

როგორც საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში იმართება არაერთი მაღალი დონის ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას იღებს საქართველოს დელეგაცია.

"ეს არის შეიძლება ითქვას საერთაშორისო არენაზე მთავარი ტრიბუნა, სადაც ჟღერდება მთავარი გზავნილები ნებისმიერი ქვეყნისთვის და საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიოს ყურადღება სწორედ აქეთ არის მოპყრობილი, ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის მიღწევებზე, ასევე, ჩვენი ქვეყნის გამოწვევებზე, ის თუ რა პროცესებიც მიმდინარეობს ჩვენს რეგიონში და როგორია ხედვა საქართველოდან იმ პროცესების, რაც ხდება რეგიონში და გლობალურად.

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში იმართება არაერთი მაღალი დონის ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას იღებს საქართველოს დელეგაცია. პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტ ტრამპის სახელით გამართულ ვახშამში, მიღებაში, რომელზეც მიწვეული იყო საქართველოს დელეგაცია და პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო.

ასევე, დღეს იმართება ღონისძიება ფინეთის პრეზიდენტის ინიციატივით, რომელიც მიეძღვნება მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებას და მასშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს აქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს და ისაუბროს საქართველოს გამოწვევებზე, სწორედ უსაფრთხოების კუთხით.

საქართველოს დელეგაცია მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებაში, მათ შორის იმ ღონისძიებებში, რომლებიც ეძღვნება ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესებს და წარმოდგენილი იქნება, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან. გაიმართება არაერთი შეხვედრა, როგორც გაეროს, ასევე, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან დღეს და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ სწორედ ამ ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობაზე," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები