აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მცდელობებმა, ქვეყანაში დიზელის ფასი შეემცირებინა, რუსეთს საშუალება მისცა გასულ თვეში საწვავის ექსპორტი გაეორმაგებინა. თუმცა, დონალდ ტრამპის მიერ რუსეთისთვის სანქციების მოხსნის გადაწყვეტილების მიუხედავად, რუსული საწვავის არც ერთი პარტია შტატებში არ ჩასულა. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
მონაცემთა კომპანია Kpler-ის ინფორმაციით, ოქტომბერში რუსეთმა დღეში 271 000 ბარელი დიზელი გაიტანა ექსპორტზე. შედარებისთვის, სექტემბერში ეს მაჩვენებელი დღეში 135 000 ბარელს შეადგენდა.
მედიის ცნობით, ექსპორტის ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-მა უკრაინაზე ზეწოლა მოახდინა, რათა მას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშები შეეწყვიტა. ამას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, 9 ოქტომბრის განცხადება, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმებას მიაღწია. შეთანხმების თანახმად, რუსეთი "დაუყონებლივ" გაზრდიდა საწვავის მიწოდებას როგორც აშშ-ის, ისე მსოფლიო ბაზრებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ დიზელის არცერთი პარტია ჯერ აშშ-ის ბაზარზე არ მოხვედრილა, უკრაინის მხარდამჭერების მცდელობებმა ხელი ვერ შეუშალა რუსეთს დიზელის მიწოდება გაეზარდა ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც არის ბრაზილია, თურქეთი და მსოფლიოს სხვა ქვეყნები.
თეთრი სახლის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა Financial Times-ს განუცხადა, რომ მსოფლიო ბაზარზე რუსული დიზელის მიწოდების ზრდა, ამერიკელებისთვის ფასების შემცირებას შეუწყობს ხელს და ეს შეესაბამება ტრამპსა და პუტინს შორის მიღწეულ შეთანხმებას.
"როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ეს შეთანხმება მთელი მსოფლიოსთვის არის. მისი მიზანია, მსოფლიო ბაზარს დიზელი დამატებითი მოცულობით მიაწოდოს, რაც ფასებს შეამცირებს, როგორც ამერიკელებისთვის, ისე დანარჩენი მსოფლიოსთვის. ეს, სწორედ ასე მოხდება", - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.
გამოცემის ცნობით, ბოლო კვირების განმავლობაში, სულ მცირე, ორმა ტანკერმა, რომელთა თავდაპირველი დანიშნულების ადგილი აშშ იყო, კურსი შეიცვალა. გემების გადაადგილების მონიტორინგის მონაცემებით, აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროსთან ამჟამად მხოლოდ ერთი ტანკერი რჩება, რომელიც რუსული დიზელით არის დატვირთული და მყიდველს ელოდება.