სომხეთში საჯარო შეურაცხყოფისა და ცილისწამებისთვის ჯარიმა მკაცრდება. მთავრობამ პარლამენტს კანონპროექტი უკვე წარუდგინა. ცვლილებების მიხედვით, დამრღვევებს ადამიანის ღირსებისა და პატივის შემლახველი შეურაცხმყოფელი განცხადებისთვის მინიმალური კომპენსაცია მილიონი დრამი, ცილისწამებისთვის კი 2 მილიონი დრამი დაეკისრებათ, რაც დაახლოებით 7 ათასიდან 14 ათას ლარამდეა.
კანონპროექტი შეეხება შემთხვევებს, როდესაც პირის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადება ან ცრუ ინფორმაცია საჯაროდ გავრცელდება, რომელიც მის რეპუტაციას დააზიანებს. სომხეთის იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ ცვლილებების მიზანი მოქალაქეთა პატივის, ღირსებისა და რეპუტაციის დაცვის უზრუნველყოფაა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა არ აპირებს, ოპოზიციას ყველაფრის თქმის უფლება მისცეს. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები ჩატარდება და საკითხები სამართლებრივად განიხილება.
"ჩვენ ოპოზიციასთან ისე ვურთიერთობთ, როგორც ისინი გვექცევიან. პასუხი მარტივია: არ ვაპირებთ, ოპოზიციას მივცეთ ყველაფრის თქმის უფლება, როცა და როგორც მოესურვებათ. სამართლებრივი პროცესიც მიმდინარეობს. შესაბამისი სამართლებრივი პროცედურებიც ჩატარდება და საკითხები სამართლებრივად განიხილება. არ ვაპირებ, შევეგუო ამ თავხედ ადამიანებს, რომლებიც გამოდიან და კორუფციაზე საუბრობენ. თქვენ თავად ხართ კორუფცია", - აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.