საქართველოს განათლების სამინისტრო აზიის ნომერ პირველ და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს.
ცოტნე ივანიშვილის ინიციატივითა და ჩართულობით მიღწეული შეთანხმება მაღალი აკადემიური მოსწრების ქართველ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, მსოფლიო რეიტინგის მე-11 ადგილზე მყოფ სასწავლებელში სრული დაფინანსებით ისწავლონ.
ამ უნივერსიტეტის პირველი ქართველი სტუდენტი სწორედ ცოტნე ივანიშვილია. შერჩეული მოსწავლეების სწავლის საფასურს, რომელიც წლიურად 42 000 დოლარამდე აღწევს, საქართველოს მთავრობა და ჰონგ-კონგის უნივერსიტეტი დააფინანსებენ.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი სოსიაშვილის თქმით, ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევა ქართველი ახალგაზრდებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა, რათა ნიჭიერმა ახალგაზრდებმა საკუთარი პოტენციალი წარმოაჩინონ.
"ჰონგ-კონგის უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგის უმაღლესი სასწავლებელი მსოფლიოში. აზიაში, აზიურ სივრცეში ნომერ პირველი და მსოფლიოში ერთ-ერთი მაღალი დონის აღიარებული სასწავლებელი და მე ვფიქრობ, რომ ბატონი ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევა, რომ ხელი შეუწყოს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან ქართველი ახალგაზრდების თანამშრომლობას და ქართველი ახალგაზრდების დაახლოებას, ეს არის ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი ახალგაზრდობისთვის უდიდესი შესაძლებლობა, რომ წარმოაჩინონ საკუთარი პოტენციალი. ჩვენ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა გვყავს და ამ ახალგაზრდებს სჭირდება ამის შესაძლებლობათა მიცემა და მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი ამ საქმეში," - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა.