დიდთოვლობის გამო გურიის გზებზე ავტომანქანები გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ და საათობით საცობში უხდებოდათ ყოფნა. გზის გაწმენდის მიუხედავად ინტენსიური თოვა მთელი დღის განმავლობაში არ შეწყვეტილა, ამიტომ რამდენიმე სოფელთან მისვლა მხოლოდ ფეხით მოხერხდა.
რაჭის 3 სოფელი გარესამყაროს რამდენიმე დღე იყო მოწყვეტილი. 2 მეტრამდე მოსულმა თოვლმა ყველა სამანქანო გზა ჩაკეტა და მოსახლეობა რაიონულ ცენტრს ვერ უკავშირდებოდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ მათ დასახმარებლად სოფელში არავინ მისულა, ძლიერი თოვის გამო კი მოსახლეობას სახლებიდან გამოსვლა უჭირს.
ზვავი ჩამოწვა გვიან ღამით სოფელ ღებთან, რის გამოც გზის გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში შეწყვეტილი იყო.
დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა აჭარის 10 სკოლაში. მთელი დღე ინტენსიურად თოვს კახეთშიც.
ზვავსაშიშროების გამო მთლიანად აკრძალულია მოძრაობა გუდაური-კობის მონაკვეთზე.
საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ენერგო-პრო ჯორჯიას სამსახურები. საგანგებო რეჟიმში უწევს მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც.
ავტორები: გიგლა თუმანიშვილი, ირაკლი შეწირული, ფატი მდორეული.