03 ოქტომბერი 2024,   13:12
ვრცლად
ლია მუხაშავრია ევროსასამართლოს მიმართავს - უფლებათადამცველი ე.წ. მოსმენების კანონს აპროტესტებს

ლია მუხაშავრია პარლამენტის მიერ ე.წ. მოსმენების შესახებ მიღებული კანონის გამო ევროსასამართლოს მიმართავს. უფლებათადამცველი განმარტავს, რომ სარჩელს ის უახლოეს დღეებში მოამზადებს და შესაბამისი პროცედურების შემდეგ ევროსასამართლოში გაგზავნის.

მუხაშავრია ამბობს, რომ კანონი ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ქვეყნისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია.

„მსგავსი საქმე მოგებული აქვს მოლდოველ კოლეგებს. თავის დროზე აღნიშნული საქმე ევროსასამართლომ დაჩქარებული წესით განიხილა და ჩვენს საქმესაც, დარწმუნებული ვარ, დაჩქარებულად განიხლავს, რადგან სისტემური პრობლემასთან გვაქვს საქმე. კიდევ უფრო სამწუხარო ისაა, რომ კანონპროექტის ავტორები არიან ის ადამიანები, რომლებიც გუშინ უფლებათადამცველის სახელით მოქმედებდნენ. დღეს კი ისეთ კომპრომისებზე მიდიან რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ კონვენციას" - განაცხადა მუხაშავრიამ.

მისივე განმარტებით, ფარული მიყურადების დასრულების შემდეგ, ადვოკატსა და უფლებადამცველს უნდა ეცნობოს, რომ განხორციელდა მათი უნებლიე მოსმენა და მასალები უკვე განადგურებულია.

"აი ეს გახლავთ პრაქტიკული გარანტია იმისა, რომ მოსმენებს არ ექნებათ უკონტროლო ხასიათი. სამწუხაროდ ასეთი პრაქტიკა არ არსებობს, იმიტომ რომ ის არ გამომდინარეობს არც კანონიდან ხოლო ეს გახლავთ დაცვის უფლების დარღვევა", - განუცხადა რუსთავი2-ს უფლებადამცველმა.

დღის ამბები