03 ოქტომბერი 2024,   13:09
ვრცლად
გაფიცულ რკინიგზელებსა და მათ ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკება დღესაც გაგრძელდება

საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობასა და გაფიცულ რკინიგზელთა შორის მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესია. გვიან ღამით დასრულებული მორიგი შეხვედრა, რომელსაც რკინიგზის პროფკავშირების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, შუადღისთვის გადაიდო.

ორივე მხარე აცხადებს, რომ კომპრომისი  გარკვეულ საკითხებზე მიღწეულია, თუმცა საჭიროა დრო, რათა ამ საკითხებთან დაკავშირებით რკინიგზის ხელმძღვანელობამ კონკრეტული წინადადებები შეიმუშაოს და გაფიცულ თანამშრომლებს შესთავაზოს.

„მოცულობითი სამუშაოა, საკმაოდ რთული სამუშაოა, თუმცა მხარეებს გამოცხადებული აქვთ მზადყოფნა, რომ მიაღწიონ კონსენსუსს და იმედს ვიტოვებთ, რომ ყველაფერი დასრულდება რკინიგზელებისათვის მისაღებად,“ - განმარტავს საქართველოს რკინიგზის ახალი პროფკავშირების თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძე.

თუ რა საკითხებზე მოხდა შეთანხმება, არ აკონკრეტებს არც რკინიგზის ხელმძღვანელობა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მენეჯმენტი ვითარების დარეგულირებისთვის მაქსიმუმს აკეთებს.

„მოლაპარაკებების პროცესი გრძელდება. მიღწეულია კომპრომისები სხვადასხვა მიმართულებით, დეტალებში ვეღარ შევალ. ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდა, რომ გამოინახოს კომპრომისი,“ - განაცხადა „საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ.

რკინიგზის თანამშრომელთა ერთი ნაწილი გასული კვირიდან გაფიცულია - ისინი  ხელფასების მატებას, ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები