03 ოქტომბერი 2024,   13:10
ვრცლად
რიკოთის უღელტეხილზე შეზღუდვები დაწესდა

რიკოთის უღელტეხილზე შეზღუდვები დაწესდა. უამინდობის გამო ამ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

თოვლისა და ქარბუქის გამო უღელტეხილზე დაბალი ხილვადობაა, რაც სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას აფერხებს. რიკოთზე მოძრაობა ამ დრომდე დასაშვებია ორხიდიანი და მსუბუქი ავტომანქანებისთვის, ასევე მიკროავტობუსებისთვის. ადგილზე გზების დეპარტამენტის შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, იყრება ტექნიკური მარილიც.

დიდთოვლობის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი ზამთრის სტანდარტების შესაბამისად მოძრაობს. გზების დეპარტამენტი მოუწოდებს ყველას, მათ შორის ტრანზიტული მოძრაობის განმახორციელებელი ქვეყნების წარმომადგენლებს, დაემორჩილონ მოძრაობის დაწესებულ რეჟიმს.

შესაბამისი ინფორმაცია უკვე მიეწოდა ყველა იმ ქვეყნის საელჩოს, რომელიც სატრანზიტო გზით საქართველოს გავლით მოძრაობს. რაც შეეხება ამ ტერიტორიაზე დიდი ოდენობით ჩარჩენილ მანქანებს, გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ტრანსპორტის შეყოვნების მიზეზი მხოლოდ ჯაჭვების არქონაა.

ამავე თემაზე
დღის ამბები