03 ოქტომბერი 2024,   13:07
ვრცლად
ომბუდსმენის აპარატში ახლად შექმნილ თანასწორობის დეპარტამენტს მაკა გიოშვილი უხელმძღვანელებს

სახალხო დამცველის მოადგილე პაატა ბელთაძემ თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მაკა გიოშვილი წარადგინა.

გიოშვილს 2007 წელს მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა სამართალში მონპელიეს უნივერსიტეტში. 2011 წელს კი იგივე ხარისხი საერთაშორისო საჯარო სამართალში სტრასბურგის უნივერსიტეტში მიიღო.

გიოშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა ადამიანის უფლებათა სფეროში. არასამთავრობო ორგანიზაციაში „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ სხვადასხვა დროს ეკავა პროექტის მენეჯერის, იურიდიული მრჩევლის, გამგეობის თავმჯდომარის, პროექტის კოორდინატორის პოზიციები. 

ახლად შექმნილი დეპარტამენტის მიზანია საქართველოს სახალხო დამცველის ხელშეწყობა "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში.

გარდა ამისა, ის იმუშავებს საქართველოში თანასწორობის დაცვის სფეროში არსებული ეროვნული და საერთაშორისო აქტების შესრულების მონიტორინგის განხორციელებაზე, ასევე რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრასა და სხვა საკითხების უზრუნველყოფაზე.

დღის ამბები