03 ოქტომბერი 2024,   13:11
ვრცლად
ნანუკა ჟორჟოლიანი თამარ ჩერგოლეიშვილს ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევაში ადანაშაულებს

ნანუკა ჟორჟოლიანი თამარ ჩერგოლეიშვილის გადაცემა "თეორემაში" გასულ სიუჟეტს ეხმაურება. ტელეწამყვანი ფიქრობს, რომ გადაცემა „თეორემაში“ მისი წინა გადაცემიდან ფრაზები კონტექსტიდან იყო ამოღებული და ისე იყო დამონტაჟებული. თემასთან დაკავშირებით „ნანუკას შოუს“ შემოქმედებითი ჯგუფი სპეციალურ წერილს ავრცელებს.

“26 ნოემბერს, ოთხშაბათს ნანუკას შოუში გავიდა გადაცემა, სადაც რესპონდენტი ყვებოდა საკუთარი, საკმაოდ მძიმე ისტორიის შესახებ. წამყვანის რეპლიკებს და რესპონდენტის მონათხრობს მაყურებლის გარკვეული ნაწილის კრიტიკა მოჰყვა.

ტაბულამ გადაცემა "თეორემა" მიუძღვნა თემას, რაც, ბუნებრივია, ჩვეულებრივი იქნებოდა, რომ არა ყველაზე ელემენტარული ჟურნალისტური სტანდარტის დარღვევა.

გადაცემის წამყვანმა თამარ ჩერგოლეიშვილმა გაუშვა ეთერში სიუჟეტი, სადაც "ნანუკას შოუს" წამყვანის ფრაზები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი.

გადაცემაში არ გაუშვეს არც ერთი სიტყვა იმ რესპონდენტის ისტორიიდან (იეჰოვას ყოფილი მოწმე იყო სტუმრად), რომელსაც ნანუკა ჟორჟოლიანის ეს რეპლიკები მოჰყვა,” - ნათქვამია განცხადებაში.

შემოქმედებით ჯგუფში აცხადებენ, რომ შოუს ფორმატი არ ითვალისწინებს ინფორმაციის გადამოწმებას. აქედან გამომდინარე, თუ რესპონდენტი გადაცემაში საკუთარ, პირად ისტორიას ყვება, ეს არ მოწმდება.

„თუ ჩვენი რესპონდენტის მიერ მონათხრობი არ არის მართალი, ეთერს დავუთმობთ მეორე მხარეს,“ - ნათქვამია „ნანუკას შოუს" განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ გადაცემა „თეორემაში“ ნანუკა ჟორჟოლიანს პოზიციის გამოხატვის საშუალება არ მისცეს და ფაქტს „ნანუკას შოუს“ შემოქმედებითი ჯგუფი აპროტესტებს.

„გვესმის, რომ ”ტაბულას” ძალიან ცოტა მაყურებელი ჰყავს, თუმცა ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერ მათგანს. ჟურნალისტი, რომელიც მედიის ყველა წარმომადგენელს მიუთითებს სტანდარტებზე, აკრიტიკებს ყველა დეტალზე, თავად აკეთებს გადაცემას ადამიანებზე და მათ საკუთარი პოზიციის გამოხატვის საშუალებას არ აძლევს,” - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2-მა" ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში იეჰოვას მოწმეების მიმართ გამოთქმული განცხადებების გამო ბოდიში მოიხადა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები