03 ოქტომბერი 2024,   13:13
ვრცლად
კომპანია "რიონს" 61-ე საჯარო სკოლის დემონტაჟის დროს უსაფრთხოების ზომების დარღვევაში ადანაშაულებენ

დოლიძის ქუჩაზე მდებარე 61-ე საჯარო სკოლის დემონტაჟი უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე მიმდინარეობს.

ინფორმაცია ამის შესახებ „რუსთავი2-ს“ სკოლის გვერდით მდებარე თამარის სახელობის ეკლესიიდან აცნობეს.

ეკლესიის მსახურები, რომლის ეზოსაც ემიჯნება ნახევრად დანგრეული სკოლა, აცხადებენ, რომ  დემონტაჟის დროს არ არის გამოყენებული დამცავი ბადე და უკვე რამდენიმე დღეა ტაძრის ეზოში აგურები და სხვა საშენი მასალა ცვივა, რაც საფრთხეს უქმნის მრევლს და თავად ეკლესიის მსახურებს.

„რუსთავი 2“ დაუკავშირდა კომპანია „რიონს“, რომელიც სკოლის დემონტაჟს ახორციელებს.

კომპანიის წარმომადგენელმა კახაბერ იმერლიშვილმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების ბადე გაკეთებული იყო, თუმცა სამუშაოების დროს ჩამოვარდა და ხვალ დილას მას ისევ აღადგენენ.

ეკლესიის ეზოდან გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ სკოლის შენობაზე ბადე ჩამოფარებული მართლაც არ არის. 

კომპანია "რიონის" წარმომადგენელის თქმით დემონტაჟის სამუშაოებს აკონტროლებს მერიის ზედამხედველობის სამსახური და განათლების სამინისტროს შესაბამისი უწყება. 

შეგახსენებთ, რომ სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დღის ამბები