03 ოქტომბერი 2024,   13:12
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" სოციალურად დაუცველების დახმარების ახალ სისტემას აკრიტიკებს

“ნაციონალური მოძრაობის წევრები” არ გამორიცხავენ, რომ სოციალურად დაუცველთა შეფასების ახალი მეთოდოლოგიის დამტკიცების შემთხვევაში, ზოგიერთი ოჯახი დახმარების გარეშე დარჩეს.

მათი განმარტებით, ახალი მეთოდოლოგიით სოციალურად დაუცველთა ბაზები შემცირდება და რამდენიმე ათეული ოჯახი შესაბამის დახმარებას ვერ მიიღებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ იმავე თანხით დაეხმარება უფრო მეტ ოჯახს, სინამდვილეში კი სოციალური ბაზიდან ამოყრა ემუქრება მარტოხელა, ან ორწევრიან პენსიონერთა ოჯახებს.

ახალი მეთოდოლოგიის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტში უკვე იმსჯელეს. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის გაიოზ თალაკვაძის განცხადებით, სოციალური აგენტის სუბიექტური შეფასება და საყოფაცხოვრებო საგნები აღარ იქონიებს გავლენას შეფასებაზე.

იგი ასევე განმარტავს, რომ ახალი მეთოდოლოგიით ოჯახის ყველა წევრი ერთსა და იმავე თანხას მიიღებს, რაც მოქმედი ფორმატით ასე არ არის.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე კი აცხადებს, რომ სოციალურად დაუცველთა სტატუსის მატარებელი პირების საერთო რაოდენობა გაიზრდება, თუმცა შიდა გადანაწილებით მეტ დახმარებას მიიღებს ის პირი, რომელსაც განსაკუთრებით სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან დახმარება. 

დღის ამბები