03 ოქტომბერი 2024,   13:11
ვრცლად
"ეს შენ გეხება" აქტიურ კამპანიას იწყებს

საპროტესტო აქციები შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მოსმენების უფლების ჩამორთმევის მოთხოვნით. მოძრაობა „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“ მოსმენების კანონის წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას იწყებს. არასამთავრობოები აქციებს საქართველოს მასშტაბით გამართავენ. ისინი გეგმავენ პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრას და უკვე ამზადებენ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში.

„კამპანიაში გაერთიანებული ორგანიზაციები მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ გაუქმდეს ის დებულებები, რომელიც მიღებულ იქნა პარლამენტის მიერ, რადგან ისინი პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რაც მოცემულია საქართველოს კონსტიტუციაში," - განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე კი ხელისუფლებას მოუწოდებს მოსმენების შესახებ კანონი შესაფასებლად ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს, თუმცა, მისივე თქმით, ხელისუფლება განსხვავებულ აზრს პატივს არ სცემს.

დღევანდელ ბრიფინგს ესწრებოდა კოალიცია „საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ ხელმძღვანელი. ლაშა ტუღუშის განცხადებით, აუცილებელია საზოგადოების გააქტიურება, რათა ხელისუფლებამ ვერ შეძლოს ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედება.

„ქვეყანას მნიშვნელოვანწილად მართავს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ეს არის პარადოქსი. დანებდა პარლამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს. რაც მეტად იქნება ზეწოლა, რომ ჩვენ გვინდა ყველას ერთად დემოკრატია, მით უფრო მეტად გაუჭირდებათ ძალოვან სტრუქტურებს და დეპუტატებს მთელი ქვეყნის წინააღმდეგ სიარული,“ - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები