03 ოქტომბერი 2024,   13:11
ვრცლად
მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლება მცირდება

Freedom House-ის კვლევის „ინტერნეტის თავისუფლება 2014“-ის მიხედვით მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლება ბოლო 4 წელია მცირდება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასული წლებისგან განსხვავებით, როდესაც უმეტესი მთავრობები ცდილობდნენ ინტერნეტის ფარულ კონტროლს, მათ ქვეყნებში გაჩნდა საკანონმდებლო ნორმები, რაც მთავრობის რეპრესიებს ლეგიტიმურს ხდის. გაიზარდა იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც გამკაცრდა ონლაინ ცენზურა და კომპიუტერული თვალთვალი. 

Freedom House-ის ანგარიში, რომელიც 4 დეკემბერს გამოქვეყნდა 65 ქვეყნის მონაცემებს მოიცავს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 65-დან 36 ქვეყანაში ინტერნეტის თავისუფლების თვალსაზრისით ნეგატიური ტენდენციაა.

ჩვენს რეგიონში ინტერნეტის თავისუფლების შემცირება განსაკუთრებით აღინიშნება რუსეთში, უკრაინასა და თურქეთში.

ანგარიშის მიხედვით საქართველო და სომხეთი თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში მოხვდნენ. მათ შესაბამისად 26 და 28 ქულები მიიღეს. ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში არიან უკრაინა (33 ქულა), ყირგიზეთი (34 ქულა), აზერბაიჯანი (55 ქულა), რუსეთი (60 ქულა) და ყაზახეთი (60 ქულა).

ბოლო ორი ქვეყანა, პრაქტიკულად ზღვარზეა, რადგან კვლევის მიხედვით ინტერნეტის თავისუფლების მიხედვით ქვეყნები შემდეგნაირად გადანაწილდნენ: თავისუფალი ქვეყნები (0-30 ქულა), ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნები (31-60 ქულა) და არათავისუფალი ქვეყნები (61-100 ქულა). 

რუსეთის პოზიციები ბოლო 5 წლის მანძილზე 11 ქულით შემცირდა. ანგარიშის მიხედვით, მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინი 2012 წელს პრეზიდენტი გახდა, მთავრობამ კრიტიკული და ოპოზიციური ონლაინგამოცემების ბლოკირებისთვის კანონმდებლობა შეიმუშავა. გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ პუტინმა მოაწერა კანონპროექტზე ხელი, რომელიც სასამართლოს ნებართვის გარეშე ბლოკავს იმ ვებგვერდს, რომლის შინაარსიც მიიჩნევა „ექსტრემისტულად“, ან შეიცავს პროტესტისკენ მოწოდებებს.

Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, კანონპროექტი, რომელიც 2014 წლის თებერვალში რუსეთში გააქტიურდა გამოიყენეს იმ ვებგვერდების გასათიშად, რომლებიც აკრიტიკებდნენ რუსეთის ქმედებებს უკრაინაში.

უკრაინაში მდგომარეობის გაუარესება კი ანგარიშის მიხედვით, ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის პერიოდში საპროტესტო აქციებისას ინტერნეტჟურნალისტებისა და აქტივისტების წინააღმდეგ მიმართულმა ძალადობამ განაპირობა.

Freedom House-ის მონაცემებით, ინტერნეტის თავისუფლების თვალსაზრისით ყველაზე მძიმე მდგომარეობაა ირანში, სირიასა და ჩინეთშია.

დღის ამბები