03 ოქტომბერი 2024,   13:08
ვრცლად
18 წლის ზელიმხან ცათიაშვილი მერვე პანკისელია, რომელიც სირიაში დაიღუპა

პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანის მცხოვრები ზელიმხან ცათიაშვილი, რომელიც სირიაში შეტაკებების დროს დაიღუპა, ოჯახს თურქეთში ეგულებოდა. სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ 18 წლის ზელიმხანი თურქეთში სამუშაოდ წავიდა. შესაბამისად, არც ოჯახს და არც ნათესავებს მისი სირიაში მოხვედრის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

„ვიცოდით, რომ თურქეთში სამუშაოდ იყო წასული. იქიდან როგორ მოხვდა სირიაში, არ ვიცით,“ - განუცხადა კურიერს ოჯახის ახლობელმა.

ზელიმხან ცათიაშვილი პანკისის ხეობის მერვე მცხოვრებია, რომელიც სირიის ქალაქ კობანიში შეტაკებების დროს დაიღუპა. ფაქტის შესახებ გარდაცვლილის ოჯახისთვის წუხელ გახდა ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის ივლისში სირიაში შეტაკებების დროს პანკისელი მებრძოლი, 26 წლის აბუ აბდულლაჰი მძიმედ დაიჭრა და საავადმყოფოში გადაყვანისთანავე დაიღუპა.

2013 წლის ოქტომბერში სირიის სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციის თავისუფალ არმიას შორის მომხდარი შეტაკების შედეგად, 24 წლის ხალიდ აჭიშვილი დაიღუპა.

2013 წელს სირიაში სამთავრობო ძალებთან შეტაკების შედეგად დაიღუპა კიდევ ერთი მებრძოლი პანკისიდან, აბდულ-მალიქ მუთოშვილი. ის სირიაში მებრძოლთა საერთო სასაფლაოზე დაკრძალეს.

სირიაში დაიღუპა ჩეჩენი საველე მეთაურის რუსლან გელაევის შვილი, 23 წლის რუსტამ გელაევიც. გარდაცვილი საქართველოში გადმოასვენეს და პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში დაკრძალეს.

2014 წლის თებერვალში სირიაში, ქალაქ ალეპოში საბრძოლო შეტაკებების დროს ქისტი საველე მეთაური, 36 წლის რუსლან მაჩალიკაშვილი დაიღუპა. ის პანკისის ხეობის სოფელ დუისიდან იყო. რუსლან მაჩალიკაშვილი საქართველოდან 2000 წელს თურქეთში წავიდა, რამდენიმე წელიწადში კი სირიაში გადავიდა.

2014 წლის სექტემბერში სირიაში შეტაკების დროს 18 წლის ბესო კუშტანაშვილი დაიღუპა, ის პანკისის ხეობის სოფელ ომალოში ცხოვრობდა. ინფორმაცია გარდაცვლილის ახლობლებმაც დაადასტურეს.

2014 წლის ოქტომბერში, სირიაში შეტაკებების შედეგად, 22 წლის ქართველი გურამ გუმაშვილი გარდაიცვალა. ის პანკისის ხეობაში სოფელ დუისში ცხოვრობდა. გავრცელებული ინფორმაციით, გუმაშვილი „ისლამური სახელმწიფოს“ სხვა მებრძოლებთან ერთად, ქალაქ კობანის დასაკავებლად წარმოებულ ბრძოლებში მონაწილეობდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები