07 ოქტომბერი 2024,   22:18
ვრცლად
ჩვენ წინ მივიწევთ საქართველოსთან თანამშრომლობისა და მხარდაჭერის საკითხში - იენს სტოლტენბერგი

ჩვენ მივესალმებით პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია და გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას - ეს განცხადება, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გააკეა.

ნატოს სამიტის ოფიციალურ გახსნამდე, ვარშავაში საექსპორტო ფორუმი გაიმართა, სადაც იენს სტოლტენბერგმა სიტყვით გამოსვლისას სამიტის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი თქმით, ნატოს კარი რჩება ღია დალიანსი არის გაფართოების პროცესში. მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოსთან და უკრაინასთანაც, როგორც უახლოეს პარტნიორებთან.

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველო არის ნატოში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა და ალიანსი მასთან მჭიდრო თანამშრომლობას განაგრძობს. 

„ეს სამიტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ნატოს კარი რჩება ღია. ჩვენ ვართ პროცესში, როდესაც 28 წევრიდან 29-ს მივაღწევთ, როდესაც მონტენეგრო საბოლოოდ შემოგვიერთდება. ჩვენ ასევე ვმუშაობთ საქართველოსთან და უკრაინასთანაც, როგორც უახლოეს პარტნიორებთან. როდესაც ვსაუბრობთ საქართველოზე, ის არის ჩვენი აპლიკანტი ქვეყანა. ჩვენ ვმუშაობთ მათთან, მხარს ვუჭერთ ძალისხმევას, რომელიც შეიარაღებული ძალების მოდერნიზებასა და რეფორმებზეა მიმართული, რომ საბოლოო ჯამში მიუახლოვდნენ ნატოს სტანდარტებს. ბოლო სამიტზე მივანიჭეთ არსებითი პაკეტი, მას შემდეგ ამ პაკეტი იმპლემენტაციაზე ვმუშაობთ, ვაძლევთ რჩევებს, მათთან ჩადიან მრჩევლები, გავხსენით საწვრთნელი ცენტრი საქართველოში, რაც ძალიან ძლიერი სიგნალია, რომ ჩვენ წინ მივიწევთ თანამშრომლობისა და საქართველოს მხარდაჭერის საკითხში. ჩვენ მივესალმებით პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია და გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას. ჩვენ გვექნება შეხვედრა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, მინისტრების დონეზე, სადაც კიდევ გამოვუცხადებთ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას. არსებობს საკითხი, რომელიც უცვლელი რჩება, ფუნდამენტური პრინციპია, რომ ყველა ერს აქვს უფლება თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი, მათ შორის აირჩიოს უსაფრთხოების რომელი ორგანიზაციის წევრობა სურს. ეს ეხება საქართველოს, უკრაინასაც და ნებისმიერ ქვეყანას. თუ საქართველოს, უკრაინას ან რომელიმე სხვა ევროპულ ქვეყანას სურს იყოს ნატოს წევრი, გადაწყვეტილება ამ თემაზე მხოლოდ ამ კონკრეტულმა და ალიანსის წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ. სხვას არავის შეუძლია პროცესში ჩარევა,“- განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობაზე განცხადება გააკეთა პოლონეთის პრეზიდენტმაც ანჟეი დუდამაც.  

„ნატოს ვარშავის სამიტი, ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა ახალი იმპულსი მივცეთ მოკავშირეობის ღია კარის პოლიტიკასა და ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უფრო მეტ ჩართულობას აღმოსავლეთ ევროპაში, რაც საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან ურთიერთობის გაღრმავებას ნიშნავს,“-განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

მსოფლიო ლიდერები ვარშავის ეროვნულ სტადიონზე იკრიბებიან. სამიტის ოფიციალურად გახსნის შემდეგ, მონაწილეებს ალიანსის გენერალური მდივანი და პოლონეთის პრეზიდენტი სიტყვით მიმართავენ. ვარშავაში მიმდინარე ნატოს სამიტს ესწრება საქართველოს პრეზიდენტიც.

 

დღის ამბები