03 ოქტომბერი 2024,   13:16
ვრცლად
კომპანია "არემჯიმ" საყდრისში სამუშაოები განაახლა

კომპანია "არემჯიმ" საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახლა.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია "არემჯის" განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ კომპანიამ მუშაობა  2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა.

ამ ბრძანებებსი საფუძვლად კი დასახელებულია ის, რომ "კანონის შესაბამისად, მოხდა ობიექტის ნაწილის სრული არქეოლოგიური შესწავლა. დარჩენილი ნაწილზე დამატებითი კვლევების ჩატარება შეუძლებელი იყო ობიექტზე არსებული ავარიული მდგომარეობისა და ნგრევის საფრთხის გამო, რასაც ადასტურებს შესაბამისი გეოლოგიური დასკვნა. ამასთანავე, საერთაშორისო ექსპერტების დასკვნის შესაბამისად, ობიექტზე არ იყო მოსალოდნელი თვისობრივად ახალი არტეფაქტების აღმოჩენა".

შემდეგ განცხადებაში საუბარია იმაზე, თუ რა ზარალი განიცადა კომპანიამ იმის გამო, რომ მუშაობას ვერ  ახორციელებდა და ბოლოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას. 

"კომპანია ადასტურებს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა კომპანიისთვის პრიორიტეტული საკითხია. მიუხედავად იმისა, თუ რა დასკვნამდე მივლენ მეცნიერები საყდრის-ყაჩაღიანის ბორცვის ისტორიული ღირებულების შესახებ, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ აღმოჩენილი არტეფაქტების დაცვა და სათანადოდ წარმოჩენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიასდაგეგმილი აქვს დააფინანსოს და ეროვნულ მუზეუმთან ერთად ააშენოს ახალი არქეოლოგიური მუზეუმი ბოლნისის მუნიციპალიტეტში და შემდგომშიც ყოველმხრივ შეუწყოს ხელი კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და შესწავლას," - ნათქვამია განცხადებაში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები