03 ოქტომბერი 2024,   13:19
ვრცლად
საყდრისის აფეთქება დაიწყეს

საყდრისის უძველესი მაღაროს აფეთქება დაიწყო. აფეთქება, როგორც იქ მყოფები ამბობენ, დღეს დილით ადრე დაიწყო და ამ წუთებშიც გრძელდება. 

ნინო მიქიაშვილი, რომელიც ირაკლი ლომიძესთან ერთად  უკვე თვეებია, იცავს ძეგლს, "რუსთავი2"-თან ამბობს, რომ მას დღეს დილით დაურეკეს და უთხრეს, რომ ძალიან ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. "მითხრეს, აქამდე ასეთი ძლიერი აფეთქება არ ყოფილაო," - ამბობს ნინო მიქიაშვილი.

ის ამბობს, რომ დილიდან ცდილობდა ვითარებაში გარკვევას და მას კონკრეტული  პასუხი არავინ გასცა.

"ირაკლი ლომიძე იქ იყო და რომ ვურეკავდით, არ გვპასუხობდა. შემეშინდა და გოგა არქანიას დავურეკე, კაზრეთის პოლიციის უფროსს და იმან მითხრა, აზრზე არა ვარ რა ხდებაო. არადა, ამ დროს ირაკლი პოლიციაში ყოფილა, დილით, აფეთქებები რომ დაიწყო, უსაფრთხოების სამსახურს გამოუყვანია,"-  ამბობს მიქიაშვილი.

ამასთან, ის იმასაც მაბობს, რომ დღეს დილით ელაპარაკა კულტურის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ბესო მაცაბერიძეს და მასაც უთქვამს, რომ აფეთქებების შესახებ არაფერი იცოდა.

"ისიც კი არ უთქვამს, რომ  კულტურის სამინისტროს ეს გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული. ეს მის კომპეტენციაშია და უნდა სცოდნოდა, ან მის გარეშე მიიღეს გადაწყვეტილება, რაც კიდევ სხვა დარღვევას წარმოადგენს," - ამბობს ნინო მიქიაშვილი.

შეგახსენებთმ, რომ  კომპანია "არემჯიმ" საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოების განახლების შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კომპანიამ მუშაობა  2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა.

ამ ბრძანებებსი საფუძვლად კი დასახელებულია ის, რომ "კანონის შესაბამისად, მოხდა ობიექტის ნაწილის სრული არქეოლოგიური შესწავლა. დარჩენილი ნაწილზე დამატებითი კვლევების ჩატარება შეუძლებელი იყო ობიექტზე არსებული ავარიული მდგომარეობისა და ნგრევის საფრთხის გამო, რასაც ადასტურებს შესაბამისი გეოლოგიური დასკვნა. ამასთანავე, საერთაშორისო ექსპერტების დასკვნის შესაბამისად, ობიექტზე არ იყო მოსალოდნელი თვისობრივად ახალი არტეფაქტების აღმოჩენა".

ამავე თემაზე
დღის ამბები