03 ოქტომბერი 2024,   13:09
ვრცლად
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს „სამხრეთის კარიბჭეზე“ ზეწოლაში ადანაშაულებს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო აცხადებს, რომ რეგიონული გაზეთის „სამხრეთის კარიბჭის“ სარედაქციო დამოუკიდებლობაში უშუალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ერევიან.

ქარტიის მიერ 14 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს რეგიონული გაზეთის გარშემო განვითარებული მოვლენები იძლევა. 

ქარტია „სამხრეთის კარიბჭის“ ჟურნალისტების მონაყოლს ეყრდნობა. რედაქციის თანამშრომლების თქმით, ზეწოლა და საქმიანობაში ხელის შეშლის მცდელობა 2014 წლის 8 დეკემბერს დაიწყო. გაზეთში გამოქვეყნდა სტატია, სადაც ერთერთი ბრალდებულის და სამხარეო პოლიციის უფროსს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა.

გაზეთის რედაქტორის ნინო ნარიმანიშვილის თქმით, მას სტატიის დაბეჭდვისთანავე დაურეკა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელმა და სათაურის შეცვლა მოსთოვა. თუმცა გაზეთის რედაქციამ უარი განაცხადა.

სატელეფონო ზარების შემდეგ სტატიის ავტორის, თამუნა უჩიძის თქმით, მასთან სახლში მივიდა ძალოვან უწყებაში დასაქმებული ახლობელი და სთხოვა სტატიის სათაურის შეცვლა.

რის შემდეგაც 11 დეკემბერს გაზეთის რედაქციასთან სოფელ გოგაშენში მცხოვრებთა ნაწილმა აქცია გამართა. "სამხრეთის კარიბჭესთან" შეკრებილი დაზარალებულების ახლობლები აცხადებდნენ, რომ სტატიაში მოყვანილი ფაქტები არაზუსტია და სამართალდამცველები მსგავს საქციელს არ ჩაიდენდნენ.

გაზეთის რედაქციაში კი აცხადებდნენ, რომ გოგაშენში შემზარავი მკვლელობა 2014 წლის 11 ივლისს მოხდა. მომხდარს "სამხრეთის კარიბჭე" სისტემატურად აშუქებდა და ამ დრომდე დაზარალებულების ახლობლებს მსგავსი ფორმით პრეტენზია რედაქციის მისამართით არ გამოუთქვამთ.

ჟურნალისტთა განცხადებით, აქციის შემდეგ კვლავ გაგრძელდა სხვადასხვა მხრიდან მათზე ზეწოლა ახალი სტატიის დაწერის საბაბით, სადაც ბრალდებულის და უარყოფდა წინა სტატიაში ნათქვამს. 

ამ ფაქტებზე დაყრდნობით, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭო მოუწოდებს შსს-ს გენერალურ ინსპექციასა და საქართველოს პროკურატურას, უსწრაფესად გამოიძიონ “სამხრეთის კარიბჭის” ჟურნალისტებზე მიმდინარე ზეწოლის ფაქტები.

"შსს-ს მხრიდან უნდა შეწყდეს გამოცემის სარედაქციო საქმიანობაში ჩარევის მცდელობები და სრულად უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება", - აღნიშნულია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.

დღის ამბები