03 ოქტომბერი 2024,   13:15
ვრცლად
ქვემო ქართლში მდებარე 23 მეჩეთი მუსლიმთა სამმართველოს მფლობელობაში გადადის

23 მეჩეთი, რომელიც ქვემო ქართლში მდებარეობს, სრულიად მუსლიმთა სამმართველოს მფლობელობაში გადაეცა. ეს გადაწყვეტილება დღეს რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელმა კომისიამ მიიღო. ეს არის მეორე გადაწყვეტილება, რომელიც საკულტო ნაგებობების გადაცემას ეხებოდა მუსლიმთა თემისთვის და წინა შემთხვევაში, ამ თემს 21 მეჩეთი გადაეცა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება სახელმწიფოს კეთილი ნების გამოხატულებაა

„პოლემიკის თვალსაზრისით ეს საკითხი არავის განუხილავს, მაგრამ სახელმწიფო გამოხატავს კეთილ ნებას და კისრულობს იმ ვალდებულებას რასაც ჰქვია კონსტიტუციის დაცვა რელიგიური თავისუფლების თვალსაზრისით," - განაცხადა ვაშაყმაძემ.

თავად მუსლიმთა თემის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ ნაგებობების მფლობელობა იურიდიულად არ ჰქონდათ დადასტურებული, დღეს კი ეს პრობლემა მოგვარებულია.

"გვქონდა დენის და გაზის მიწოდების პრობლემაც. ამიტომ მივართეთ სააგენტოს ამ მეჩეთებისთვის სტატუსის მინიჭების თხოვნით. წინა კომისიაზე კახეთში არსებული 21 მეჩეთის გადმოცემის საკითხი განიხილეს, დღეს კი ქვემო ქართლის რეგიონში 23 მეჩეთის გადმოცემის საკითხს მიეცა დადებითი რეკომენდაცია," - განაცხადა სრულიად საქართველოს შეიხმა რამინ იგიდოვმა.

საბჭოს მომდევნო სხდომაზე სხვა მეჩეთების საკითხიც განიხილება. ამ წუთებში კი საბჭო მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს ხვდება.

დღის ამბები