03 ოქტომბერი 2024,   13:16
ვრცლად
რატომ დარჩა თბილისის მერიას 68 მილიონი დაუხარჯავი და გზები - დაუგებელი?

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ნაძალადევის რაიონში გზის საფარის მდგომარეობას აპროტესტებს. ნიკა მელია დღეს ჩარგლის ქუჩაზე მივიდა, სადაც ასფალტი უკვე თითქმის 2 წელია, დაზიანებულია და ტრანსპორტით გადაადგილება გართულებულია.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის განცხადებით, ამ ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის დასრულება რამდენიმე დღის წინ თბილისის მერმა და რაიონის გამგებელმა გამოაცხადეს, თუმცა გზა ისევ გასაკეთებელია.

"მაშინ, როცა თბილისის მერიას 68 მილიონი ლარი ნაშთად დარჩა, ანუ ვერ დახარჯა, თბილისის ქუჩებში ისევ ასფალტია დასაგები. რა გამოდის? ეს ხელისუფლება არის უუნარო," - აცხადებს ნიკა მელია.

მას დღეს ნაძალადევის რაიონის გამგებელმა უპასუხა. ზაზა გაბუნია აცხადებს, რომ გზა ჩარგლის ქუჩის მხოლოდ მცირე ნაწილზე დაიგო.

კიდევ ერთი ქუჩა თბილისში, სადაც ჩატარებული სამუშაოები სადავო გახდა, ანტონ კათოლიკოსის ქუჩაა. ამ ქუჩაზე კრწანისის გამგეობამ სამუშაოები ტენდერის გარეშე ჩაატარა, რაშიც 127 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.

საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის წევრი გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს, რადგან ირაკლი აბესაძის თქმით, ამ თანხით ჩატარებული სამუშაო უხარისხოა. ქუჩაზე დაგებული ქვაფენილი რამდენიმე დღის წინ, დაზიანებების გამო, ხელმეორედ დააგეს.

რაიონის გამგებელი ადასტურებს, რომ გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი ნამდვილად არ ჩატარებული და გადაწყვეტილება თბილისობის დღესასწაულისთვის დაჩქარებულად მიიღეს.

დღის ამბები