03 ოქტომბერი 2024,   13:11
ვრცლად
რაჭველების მტკიცებით, ამბროლაურის რაიონში 10 სოფელს დატბორვა ემუქრება

ენერგეტიკის სამინისტროში კატეგორიულად უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 10 სოფლის დატბორვა იგეგმება.

კახი კალაძის მოადგილე განმარტავს, რომ მშენებლობის ნებართავა ჯერ გაცემული არ არის და ჰესის პროექტი მხოლოდ მომზადების პროცესშია. 

ილია ელოშვილის განმარტებით, "უნიკალური ვაზის ჯიშების განადგურების, სოფლების დატბორვის და გადასახლების საფრთხე არ არსებობს. ჰესი არ იქნება მასშტაბური. შესაბამისად, არ იგეგმება კაშხლების მშენებლობა და მოკრძალებული - 250 მეგავატი სიმძლავრის იქნება".

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მტკიცებით, ის, სავარაუდოდ, სოფელ ქვიშარის ტერიტორიაზე, მოსახლეობიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით აშენდება. სამშენებლო სამუშაოები კი მას შემდეგ დაიწყება, რაც ტენდერში გამარჯვებული თურქული კომპანია ტერიტორიის შესწავლას დაასრულებს.

წინასწარი მონაცემებით, კაშხლების მშენებლობა საერთოდ არ არის გათვალისწინებული და ასევე არ მოხდება ტერიტორიის დატბორვა.

მინისტრის მოადგილისგან განსხვავებით, ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია აქვთ რაჭველებს.

ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ ჰესის მშენებლობა რეგიონში 10 სოფლის დატბორვას გამოიწვევს. მათივე თქმით, კაშხალის მშენებლობის და დატბორვის შესახებ მათ თურქული კომპანიის წარმომადგენლებისგან შეიტყვეს, რომლებიც კვლევით სამუშაოებს რაჭაში უკვე რამდენიმე კვირაა, აწარმოებენ.

ემუქრება თუ არა რაჭაში 10 სოფელს დატბორვა, უნიკალური ვაზის ჯიშებს განადგურება და ადგილობრივებს სოფლების დატოვება, ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც კონტაქტორი კომპანია რაჭაში კვლევით სამუშაოებს დაასრულებს. სამშენებლო ნებართვის გაცემა 18 თვეში მოხდება, რის შემდეგადაც რაიონში ჰესის მშენებლობა 2 წელიწადში უნდა დასრულდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები