03 ოქტომბერი 2024,   13:12
ვრცლად
მიწასთან გასწორებული უნიკალური არქეოლოგიური ძეგლი

ყორღანები, რომელიც 6 ათას წელს ითვლის, ტრაქტორებმა უკვე გადაასწორეს. არ არის გამორიცხული, სისხლის სამართლის საქმე იმ კომპანიის წინააღმდეგ აღიძრას, რომელიც ბერი კლდეებზე სამუშაოებს აწარმოებს.

დღეს ბერი კლდეების ნამოსახლარის ტერიტორიაზე მინისტრი იმყოფებოდა. მიხეილ გიორგაძე ქარელის რაიონში „პოსკრიპტუმში” გასული სიუჟეტის შემდეგ ჩავიდა. მინისტრმა მთელი პასუხიმგებლობა სამუშაოების მწარმოებელ ჩინურ კომპანიას დააკისრა, რომელიც თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტობანის მშენებლობის პროექტზე მუშაობს და ეს კომპანია ჯერ კიდევ ზაფხულში გააფრთხილეს, რომ კარიერზე სამუშაოები შეეჩერებინა.

კულტურის მინისტრი ჩინური კომპანიის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას არ გამორიცხავს.

კულტურის მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება გაუგებარია ჩინური კომპანიის წარმომადგენლებისთვის. ისინი აცხადებენ, რომ ლიცენზია გარემოს დაცვის სამინისტროსგან 16 ოქტომბერს მიიღეს, აქედან გამომდინარე, ზაფხულში მათ გაფრთხილებას ვერავინ მისცემდა.

ვინ არის პასუხისმგებელი 6 ათასი წლის წინანდელი ნამოსახლარის განადგურებაზე. კითხვა ჯერ პასუხგაუცემელია, მანამდე კი გარემოს დაცვის სამინისტრომ ჩინურ კომპანიას სამშენებლო სამუშაოები შეუჩერა.

მიხეილ გიორგაძე კი ახალი ინიციატივით გამოდის, რომლის თანახმად, ყველა ტერიტორია, სადაც სამუშაოები იგეგმება, ჯერ არქეოლოგიურად უნდა შეისწავლონ. მის ამ ინიციატივას სკეპტიკურად უყურებენ გარემოს დაცვის სამინისტროში. მათი განცხადებით მასშტაბური შემოწმებები გაჭიანურდება, რაც ინვესტორისთვის ქვეყანას ნაკლებად მიმზიდველს გახდის.

ამავე თემაზე
დღის ამბები