03 ოქტომბერი 2024,   13:12
ვრცლად
"სპეციალური პრევენციული ჯგუფის მენეჯმენტს დახვეწა სჭირდება," - ნაზი ჯანეზაშვილი

სახალხო დამცველის აპარატთან არსებული სპეციალური პრევენციული ჯგუფის დაკომპლექტების მექანიზმს დახვეწა სჭირდება - ამ განცხადებას ასოციაცია „საქართველოს მოსამართლეთა ერთობის” აღმასრულებელ დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი აკეთებს.

მისი თქმით, ის სხვა წევრების მსგავსად, ჯგუფის დატოვებას არ აპირებს, რადგან ვადის ამოწურვამდე ორი კვირაა დარჩენილი, თუმცა ამბობს, რომ არის ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი ჯგუფის მენეჯმენტში, რომლის დახვეწის გარეშე ციხეებში არსებული მონიტორინგი ეფექტურად ვერ იმუშავებს.

ნაზი ჯანეზაშვილის განმარტებით, გაუგებარია, რა კრიტერიუმებით და რიგითობის რა პრინციპით ირჩევენ მონიტორინგისთვის მოწვეულ ექსპერტებს და შესაბამისად, ჩნდება უთანასწორო დამოკიდებულების განცდა.

"უნდა იყოს თანასწორი დამოკიდებულება ყველა ექსპერტის მიმართ. უნდა არსებობდეს შიდა შერჩევის მექანიზმები, ანუ განსაზღვრული უნდა იყოს, კონკრეტულ მონიტორინგის ვიზიტზე რომელი ექსპერტი წავა, რა კრიტერიუმით და რა რიგითობით ისე, რომ უთანასწორობის განცდა არ გაჩნდეს,” - აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა სახალხო დამცველის მიერ გაცემული რწმუნება, რომლითაც ისინი მონიტორინგს ახდენენ. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ აღნიშნული რწმუნებები სახალხო დამცველის ოფისში ინახება, თუმცა გაურკვეველია, რის საფუძველზე.

„გასარკვევია რწმუნებების საკითხი - თუ ამას ექნება საფუძვლიანი არგუმენტი, რატომ ინახება რწმუნებები სახალხო დამცველთან და თუ მივიღებთ შესაბამის ახსნას, ეს მისაღები იქნება, ხოლო თუ ეს არის ექსპერტების მიმართ უნდობლობის გამოხატულება, მაშინ ამ მიდგომას ჩვენ ვერ მივიღებთ,” - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

მისივე თქმით, კითხვები რწმუნებებთან და მენეჯმენტთან დაკავშირებით გუშინ გამართულ შეხვედრაზეც დაისვა, თუმცა მათ უმეტესობაზე პასუხი ვერ მიიღეს, რიგ კითხვებთან დაკავშირებით კი დარჩათ შთაბეჭდილება, რომ ჯგუფის ხელმძღვანელობას ცვლილებები არ სურს.

შეგახსენებთ, ციხის მონიტორინგის სპეციალური პრევენციული ჯგუფის დატოვების შესახებ ჯგუფის ორმა წევრმა ირაკლი ვაჭარაძემ და გელა მთივლიშვილმა სოციალურ ქსელში განაცხადეს. ვაჭარაძის თქმით, ციხის მონიტორინგი სულ უფრო რთულდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები