03 ოქტომბერი 2024,   13:07
ვრცლად
პრემიერი პოლიტიკოსებს საყდრისის თემით სპეკულირებაში ადანაშაულებს

პრემიერ-მინისტრი საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით პოლიტიკოსებს უპასუხისმგებლო და პოპულისტური განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, წლების განმავლობაში არავის გახსენებია საყდრისი და კიდევ ბევრი სხვა არქეოლოგიური ძეგლი. თუნდაც მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2013 წელს თავად მოუხსნა საყდრისს ძეგლის სტატუსი, დღეს კი გამოდის და იქ მიმდინარე სამუშაოებს ბარბაროსობას უწოდებს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საყდრისის უკან დგას 3 ათასი ოჯახი, ეს ხალხი გაურკვევლობაშია და პასუხს მოითხოვს და შიმშილობს კიდეც საყდრისთან იმაზე პასუხის მოლოდინში, თუ რა იქნება მათთვის მომავალში.

„ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ამ სამი ათასი ოჯახის ინტერესებს მე დავიცავ და შევქმნით პირობებს, რომ გააგრძელოს კომპანიამ მუშაობა,” - განაცხადა პრემიერმა და პოლიტიკოსებს მოუწოდა, ამ საკითხზე მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე მსგავსი განცხადებებისგან თავი შეიკავონ.

პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ საყდრისის ირგვლივ აჟიოტაჟი ატეხა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც გრანტების მიღებით იყო დაინტერესებული და სწორედ მათ პროტესტს აჰყვნენ პოლიტიკოსები.

„ხალხისთვის უნდა განვმარტო, მუშაობდა „ენჯეო,” რომელმაც მოიპოვა 800 ათასი ევროს ოდენობის გრანტი და კიდევ იყო მოძიების შანსი. ეს გრანტი, როგორც ჩანს, ჩაუვარდათ. ამან გამოიწვია გარკვეული ჯგუფების უკმაყოფილება. მაგრამ ხომ არის აქეთ ერთი მხარე, მეორე მხარეს არის ის სიმართლე, რასაც მოგიყევით,” - განაცხადა პრემიერმა და გაიხსენა, რომ „ბიპის” მშენებლობის გამო 150-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი განადგურდა, მაგრამ მაშინ ამავე პოლიტიკოსებს პროტესტი არ გამოუხატავთ.

„ადამიანებს, რომლებსაც პასუხისმგებლობა არა აქვთ, ისინი აკეთებენ განცხადებებს. მათთვის ძალიან იოლია განცხადებების გაკეთება, საქმის კეთებაა ძალიან რთული და ადამიანების წინაშე პასუხისმგებლობა არის ძალიან რთული,” - განაცხადა პრემიერმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები