03 ოქტომბერი 2024,   13:09
ვრცლად
იტალიურ ბორანზე საქართველოს რვა მოქალაქე იმყოფებოდა - საგარეო უწყება

საგარეო საქმეთა სამინისტრო ადრიატიკის ზღვაში მომხდარი კატასტროფის შედეგად დაზარალებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ტაბატაძე ამბობს, რომ უკვე დაზუსტებულია გემზე მყოფ ქართველთა რაოდენობა - საქართველოს რვა მოქალაქიდან ხუთის ევაკუაცია თავიდანვე მოხდა, დანარჩენი სამიდან კი მხოლოდ ერთის ვინაობაა დადგენილი, ეს არის სასულიერო პირი მამა ილია. დანარჩენი ორის ვინაობის დასადგენად კი სამინისტრო კვლავ მუშაობს.

ამასთან, გიორგი ტაბატაძის ვარაუდით, სამი ქართველი შესაძლოა იმ 70 მგზავრს შორის იყოს, რომელთა ევაკუაციაც გემიდან წუხელ განხორციელდა.

„ხუთი ქართველი არის გადაყვანილი სხვა გემზე, მაგრამ მათი ადგილმდებარეობა ჯერჯერობით უცნობია, იმიტომ, რომ სამი მიმართულებით გადაჰყავთ ხალხი - იტალიაში, საბერძნეთსა და ალბანეთში. კიდევ სამი ქართველია, რომელთა ადგილსამყოფელი უცნობია. გუშინ 70 კაცი გადაიყვანეს ალმოდებული გემიდან და ვვარაუდობთ, რომ იმ 70-ს შორის იყვნენ დანარჩენებიც. სამიდან ერთის ვინაობა იციან, დანარჩენი ორის ვინაობის დადგენაზე ვმუშაობთ,“ - განაცხადა გიორგი ტაბატაძემ.

შეგახსენებთ, იტალიური ბორანი საბერძნეთიდან იტალიაში მიდიოდა, თუმცა პრობლემები გზაში შეექმნა. პორტის დატოვებიდან რამდენიმე წუთში იმ ბაქანზე, რომელიც მანქანებით იყო დატვირთული, ხანძარი გაჩნდა. ბორტზე კი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები