03 ოქტომბერი 2024,   13:15
ვრცლად
საქართველოში 4G-ის დასანერგად ლიცენზია 50 მილიონ 782 ათას ლარად გაიყიდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს, 29 დეკემბერს მეოთხე თაობის ფართოზოლოვანი (4G) მომსახურების დასანერგად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია გაიყიდა. ლიცენზია 50 მილიონ 782 ათას 605 ლარად შპს „მობიტელმა“ აუქციონის წესით იყიდა.

შპს „მობიტელი“ ბაზარზე კომპანია „ბილაინის“ სახელითაა ცნობილი და მისი მფლობელები არიან ვირჯინიის კუნძლებზე რეგისტრირებული კომპანიები: „ვოთერთრაილ ინდასტრიზ“ (51 პროცენტი), „ინვესტიკო ალიანსე“ (29 პროცენტი) და „მირენ ინვესტ“ (20 პროცენტი“). კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი ტყეშელაშვილია.

შპს „მობიტელი“ ვალდებულია ერთი თვის ვადაში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის საფასურის 20 პროცენტი საქართველოს სახელმწიფო ცენტრალურ ბიუჯეტში გადაიხადოს.

შპს „მობიტელი“ ასევე ვალდებულია 2016 წლის 1 თებერვლამდე 4G-ის მომსახურება საქართველოს  იმ დასახლებულ პუნქტებშიც  დანერგოს, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 5 ათასზე  ნაკლებია.

ასევე, კომისიამ  25 დეკემებერს 4G-ის მომსახურების უზრუნველსაყოფად უკვე გაცემული და ოპერატორების დროებით მფლობელობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მოდიფიცირების პროცესიც დაიწყო.

შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“ და შპს „მობიტელის“ დროებით სარგებლობაში არსებული ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე ზეპირი მოსმენის სხდომა 2015 წლის 28 იანვარს 16 საათზე გაიმართება. კომისია გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხზე ზეპირი მოსმენის სხდომის გამართვიდან ათი სამუშაო დღის ვადაში მიიღებს.

ლიცენზიების მოქმედების ვადა განისაზღვრება მომდევნო 15 წლით, ტექნოლოგიური და მომსახურების ნეიტრალიტეტის პრინციპით, რაც კომპანიებს საშუალებას მისცემს დანერგონ 4G-ის მომსახურება.

საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის 4G-ის მომსახურება უახლოვეს მომავალში იქნება ხელმისაწვდომი.

ამავე თემაზე
დღის ამბები