03 ოქტომბერი 2024,   13:07
ვრცლად
ახალი წლის სამზადისი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

ახალი წელი პირველად სამოაში, კირიბატსა და ახალ ზელანდიაში დაახლოებით 4 საათში დადგება. ერთ-ერთი პირველი მეგაპოლისი, სადაც 2015 წელს იზეიმებენ, სიდნეი იქნება. თბილისთან ერთად ახალ წელს აღნიშნავენ დუბაიში, ბაქოსა და მოსკოვში. ყველაზე ბოლოს კი ახალ წელს ჰავაისა და პაგო-პაგოში იზეიმებენ.

განსაკუთრებულ სამზადისშია სიდნეი. საღამოს ტურისტები და ადგილობრივები ქალაქის ნავსადგურში შეიკრიბებიან. ფეიერვერკების შოუსთვის ორგანიზატორებმა წელსაც ოპერის თეატრის შენობა და სიდნეის ხიდი შეარჩიეს.

დუბაი ისევ მსოფლიოს გაკვირვებას ცდილობს. პიროტექნიკა უკვე მზადაა ხელოვნურად შექმნილ პალმის კუნძულზე. ფეიერვერკებს გაუშვებენ 828-მეტრიან ბურჯ ხალიფას ცათამბჯენიდანაც.

ლონდონში ღამის 12 საათზე 12 ათასამდე ფეიერვერკსა და 2 ათასამდე მანათობელს გაუშვებენ. ორგანიზატორები მდინარე ტემზის ნაპირებთან ამ მოვლენაზე დასასწრებად ასი ათასამდე ადამიანს ელოდებიან.

პარიზი კი წელსაც უარს ამბობს პიროტექნიკაზე, თუმცა ტურისტებს სიყვარულის ქალაქში არანაკლებ ლამაზი სანახაობა დახვდებათ ტრიუმფალურ თაღთან, სადაც გრანდიოზული ვიდეოშოუ გაიმართება პარიზული ცხოვრების მოტივებზე. საზეიმოდ განათდება ეიფელის კოშკიც.

განსაკუთრებული სამზადისია შეერთებულ შტატებში, სადაც მთავარი მოვლენა მაინც ნიუ–იორკში ხდება: ქალაქში ჯერ არ გათენებულა, თუმცა ბროლის ბურთის დაშვებისთვის ყველაფერი მზად არის. გრანდიოზული კონსტრუქცია წელს 2 ათასზე მეტი დეტალისგან შედგება. თაიმ სკვერზე ტრადიციული ღონისძიება წელს უკვე 98-ედ იმართება.

მათ კი, ვისაც ახალი წლის საცურაო კოსტიუმსა და ტროპიკულ ამინდში შეხვედრა სურდა, რიო-დე-ჟანეიროს სანაპიროებს მიაშურა. მთავარი ღონისძიებისთვის ბოლო დეტალები კოპა-კაბანას პლაჟზე უკვე მზადაა. სწორედ აქედან მიადევნებენ თვალს ფეიერვერკებს ტურისტები და ადგილობრივები.

დღის ამბები