17 მაისი 2024,   10:08
ვრცლად
დავით ნარმანია დიდუბის ბაზრის მოვაჭრეებს პასუხობს

თბილისის მერიასთან დიდუბის ბაზრის მოვაჭრეების მიერ გამართულ აქციას დავით ნარმანია გამოეხმაურა. დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ვაჭრობა ლეგალიზებული უნდა იყოს და დიდუბის ტერიტორიაზე ვაჭრობა სურსათის უვნებლობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ წესებში უნდა მოექცეს.

„რაც შეეხება კონკრეტულად ჭიშკრის გახსნასთან დაკავშირებულ საკითხს, ეს ორ კომპანიას შორის მიმდინარე დავაა. თბილისის მერია ჩართულია ამ საკითხებში, თუმცა აღსრულების ნაწილი როგორც არის დადგენილი წესის და ნორმების მიხედვით უნდა მოხდეს აღსრულება,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მოვაჭრეების აქცია ამ დროისთვის დასრულებულია. თუმცა, დიდუბის ბაზრის მოვაჭრეების განცხადებით, თუ შესაბამისი სამსახურები კედლის დემონტაჟს არ განახორციელებენ, ისინი თავად დაანგრევენ. 

აქციაზე მოვაჭრეების მხარდასაჭერად პარტია თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარე, კახა კუკავა, იმყოფებოდა. მისი განცხადებით, რადგან მერიის წარმომადგენლები მოვაჭრეებს არ შეხვდნენ, ისინი დავით ნარმანიასა და მისი მოადგილეების საცხოვრებელ სახლებთანაც გამართავენ აქციას.

თბილისის მერიასთან შეკრებილი დიდუბის ბაზრის მოვაჭრეები მერიის წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, რამდენიმე თვის წინ თბილისის მერი მათ კედლის დემონტაჟს დაჰპირდა, გამოიცა შესაბამისი განკარგულებაც, თუმცა მერიის თანამშრომლებს დემონტაჟი ამ დრომდე არ განუხორციელებიათ.

ავტორი: თაკო სურგულაძე.

დღის ამბები