27 აპრილი 2024,   15:50
ვრცლად
სესიაშვილის შვილის ყაჩაღობაში სავარაუდო მონაწლეობა - მმართველი გუნდი "ენმ"-ისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

ენმ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი სესიაშვილის შვილის ქურდობაში შესაძლო მონაწილეობაზე, საპარლამენტო უმრავლესობაში ცილისწამებას უწოდებენ. მმართველი გუნდის წევრები ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ.

„ნაციონალური მოძრაობა აგრძელებს ტალახიანი ხელებით პოლიტიკაში საქმიანობას. დავით სესიაშვილი საჯარო სამსახურში ვერ დაიწყებდა მუშაობას რაიმე კანონდარღვევა რომ ჰქონოდა ჩადენილი. ეს შესანიშნავად იციან იმ ადამიანებმა, ვინც ეს ბინძური ბრიფინგი დაგეგმეს. ჩვენ ვითხოვთ, რომ მათ ბოდიში მოიხადონ,“- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობაში აღნიშნავენ, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ირაკლი სესიაშვილის შვილის ქურდობაში შესაძლო მონაწილეობაზე, მორალურ სტანდარტებს ეწინააღმდეგება.

„ცილისმწამებელი განცხადებები გაკეთდა, რაც ყოველგვარ პოლიტიკურ, მორალურ სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ამით ერთადერთი, რასაც ისინი მიაღწევენ არის ის, რომ მათი სახე, რომელიც უკვე გასაგებია საით მიექანება, საზოგადოების თვალში კიდევ უფრო მეტად იქნება მიუღებელი,“- განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა.

მმართველი გუნდის წევრები ოპონენტების ბრალდებებს სიბინძურეს უწოდებენ.

„იმის გამო, რომ ირაკლი სესიაშვილის ან სხვა ადამიანის შვილია, ნებისმიერის, ეს იქნება პოლიტიკოსის თუ ცნობადი ადამიანი, ამის გამო გასაუბრებებსა და შესაბამის კონკურსებში მონაწილეობას, სამსახურებში დასაქმებას ვერ აუკრძალავ. აქ არის მთავარი ის, რომ დღეს იყო ბინძური დაბრალება ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, რაც უნდა აღიკვეთოს,“ - განაცხადა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები