20 მაისი 2024,   09:26
ვრცლად
თვითმმართველი ქალაქების გაერთიანება - ზუგდიდის საკრებულში მიღებულ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ

ზუგდიდის საკრებულოს წევრმა ანა წითლიძემ, გუშინ, ზუგდიდის საკრებულოს მიერ თვითმმართველი ქალაქების გაერთიანების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ნაციონალური მოძრაობის შტაბის წევრებთან ერთად ბრიფინგი გამართა.

მან, გუშინ ზუგდიდის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტა. ანა წითლიძის თქმით, განხილვის გარეშე შედგა კენჭისყრა ქალაქის სტატუსის გაუქმების შესახებ.

წითლიძემ განაცხადა, რომ განხილვის გარეშე, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნატო შეროზიამ, სუს-ის დახმარებით მიღებული გადაწყვეტილება გამოაცხადა.

ზუგდიდის საკრებულოს წევრი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას ისინი სასამართლოში გაასაჩივრებენ, რათა ბათილად იქნას ცნობილი, მისი თქმით, გუშინდელი უკანონოდ მიღებული გადაწყვეტილება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნატო შეროზიამ, სხდომა ჯერ დატოვა, შემდეგ რამდენიმე წუთში დარბაზში ისევ დაბრუნდა და გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება ისე მიიღეს, რომ სხდომაზე მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების რაოდენობაც არ დაუთვლიათ.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით, 14 თვითმმართველი ქალაქის ნაცვლად გაერთიანების შედეგად, 7 ქალაქი იქნება. სამინისტროს წინადადების განხილვა პარლამეტში ივნისში დაიწყება. საბოლოო ვარიანტს კი, კენჭს საგაზაფხულო სესიის ბოლოს უყრიან.

დღის ამბები