10 ნოემბერი 2024,   23:48
ვრცლად
ცუდი ამინდისა და ნისლის გამო, ერთ-ერთი ვერტმფრენი იძულებული გახდა, ხისტად დაშვებულიყო... კონტაქტი იყო, მაგრამ კომუნიკაციის დამყარება რთულია, ველოდებით სამაშველო ჯგუფების ჩამოსვლას - ირანის შსს

ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდნის გამო, მთელი მსოფლიოს ყურადღება ახლა აზერბაიჯან-ირანის საზღვრისკენაა მიმართული.

ბორტზე მყოფი პირების მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია. მაშველები ვერტმფრენს ამ დრომდე ეძებენ. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია სპეციალური ტექნიკა და რამდენიმე ათეული დრონი. შემთხვევის ადგილზე მისვლას გაუარესებული ამინდი ხელს უშლის.

ცნობილია, რომ ბორტზე იყო ირანის საგარეო საქმეთა მინისტრიც. ქვეყნის პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი დელეგაციასთან ერთად, დღეს, აზერბაიჯანში იმყოფებოდა, სადაც ილჰამ ალიევთან ერთად კაშხლის გახსნას დაესწრო, რის შემდეგაც უკან ირანში ბრუნდებოდა.

ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ ირანის პრეზიდენტთან ერთად, ვერტმფრენში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი და კიდევ რამდენიმე ოფიციალური პირი იმყოფებოდა, ამბობს იმასაც, რომ კონტაქტი შედგა, თუმცა რეგიონის გათვალისწინებით არის კომუნიკაციის პრობლემა.

"პრეზიდენტი და კიდევ რამდენიმე ადამიანი აზერბაიჯანიდან რამდენიმე ვერტმფრენით ბრუნდებოდნენ. ცუდი ამინდისა და ნისლის გამო ერთ-ერთი ვერტმფრენი იძულებული გახდა ხისტად დაშვებულიყო. სხვადასხვა სამაშველო გუნდი უკვე მიემართება იმ რეგიონში, მაგრამ ცუდი ამინდისა და ნისლის გამო მათ ვერტმფრენამდე მისაღწევად დრო დასჭირდებათ. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, სამაშველო ჯგუფები თავიანთ საქმეს ასრულებენ. ვიმედოვნებთ, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდება. კონტაქტი იყო, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ეს რთული რეგიონია, ცოტა რთულია კომუნიკაციის დამყარება. ველოდებით სამაშველო ჯგუფების ჩამოსვლას", - განაცხადა ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა აჰმედ ვაჰიდიმ.

დღის ამბები