16 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
პრეზიდენტი ფიქრობს, რომ "გამჭვირვალობის შესახებ" კანონი დემოკრატიისთვის დამაზიანებელია და, კორექტირების ნაცვლად, პარლამენტისგან მის ანულირებას ითხოვს

პრეზიდენტი ფიქრობს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ქართული დემოკრატიისთვის დამაზიანებელია, შესაბამისად კორექტირების ნაცვლად, პარლამენტისგან მის ანულირებას ითხოვს. ზურაბიშვილის პოზიცია კანონმდებლებს არ გაჰკვირვებიათ. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ კონსტიტუციის გარანტი მთავარი კანონის ჩარჩოებს კიდევ ერთხელ არღვევს. მისმა ნაჩქარევმა ვეტომ კი დაადასტურა, რომ კანონი სამართლებრივად შესწორებებს არ საჭიროებს.

პრეზიდენტის ვეტოს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა ოპოზიციურ ფლანგზე. "გირჩში" ფიქრობენ, რომ ზურაბიშვილმა ვეტოსთვის განკუთვნილი დრო სწორად ვერ გამოიყენა. პოლიტიკური ცენტრის ლიდერების აზრით, სალომე ზურაბიშვილს პარლამენტისთვის ფუნდამენტურად შეცვლილი კანონის დაბრუნება შეეძლო, რაც ახალი დისკუსიის დასაწყებად კარგი შესაძლებლობა იქნებოდა.

განსხვავებულია სხვა ოპოზიციური პარტიების ხედვა. ხელისუფლების ოპონენტები სალომე ზურაბიშვილის ნაბიჯს, როგორც სამართლებრივად, ისე პოლიტიკურად მართებულად მიიჩნევენ.

პრეზიდენტი დიდი ხანია ოპოზიციის მოკავშირეა - ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის შეფასება. შესაბამისად, კანონმდებლებს არც ის უკვირთ, რომ მთავარსარდალმა კანონს ვეტო ვენეციის კომისიის დასკვნის გასაჯაროებამდე დაადო. პოლიტიკოსები ახლა კანონთან დაკავშირებულ სამართლებრივ შენიშვნებს სწორედ კომისიიდან ელოდებიან.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ თბილისში, თვეზე მეტია, საპროტესტო აქციები იმართება. პრეზიდენტმა კანონს ვეტო მიღებიდან 4 დღეში დაადო. ზურაბიშვილი პარლამენტს მის გაუქმებას სთხოვს.

დღის ამბები