26 აპრილი 2024,   23:37
ვრცლად
იტალიაში დიდი შვიდეულის 2 დღიანი სამიტი გაიხსნა

ნატო-ს სამიტის შემდეგ გლობალური პრობლემების განხილვის ადგილი დღეს სიცილიაა. ზღვისპირა იტალიურ ქალაქში დიდი შვიდეულის ორ-დღიანი სამიტი გაიხსნა. სამიტს პრეზიდენტის რანგში პირველად ესწრება დონალდ ტრამპი. მესამე წელია შეხვედრას არ ესწრება რუსეთი, რადგან უკრაინაში განხორციელებული აგრესიისა და ყირიმის ანექსიის გამო ის ჯგუფიდან გარიცხეს, თუმცა რუსეთი და მის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები სამიტის დღის წესრიგში კვლავაც რჩება.

სამიტი საზეიმო ცერემონიით დაიწყო. ლიდერებმა ძველი ქალაქის ქუჩებში ფეხით გაისეირნეს და ანტიკურ თეატრთან სამახსოვრო ფოტო გადაიღეს. მოლაპარაკებების დაწყებამდე კი ავია შოუსაც დაესწრნენ.

სამიტის დღის წესრიგში ბევრი ისეთი საკითხია, რომელზეც ლიდერთა პოზიციები განსხვავდება. მათ შორისაა ვაჭრობა, კლიმატის ცვლილებები და რუსეთი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შეხვედრის დაწყებამდე აღიარა, რომ მოლაპარაკებები იოლი არ იქნება.

იტალიურ ზღვისპირა ქალაქში დიდი შვიდეულის შეხვედრა ხვალ დასრულდება. ლიდერები მიღწეულ შედეგებს წერილობით ერთობლივ კომუნიკეში შეაჯამებენ.

დღის ამბები