09 მაისი 2024,   06:51
ვრცლად
პარლამენტმა მიწების მიყიდვის შესახებ მორატორიუმის პროექტი მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილება მიწის კანონში. საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ, შეჩერდება "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონის იმ რეგულაციის მოქმედება, რომელიც მიწის ფლობასთან დაკავშირებით უცხოელების უფლებებს განსაზღვრავს.

ინიციატივის თანახმად, მორატორიუმი საკოსნტიტუციო ცვლილებების მიღებამდე იმოქმედებს. პროექტი მესამე მოსმენით 87 ხმით, ერთხმად მიიღეს.

„ვიდრე კონსტიტუციური კანონპროექტი მიღებული არ არის და არ არსებობს მაღალი ინტერესი ასეთი ტიპის მიწების მიართ, მათ შორის, საფრთხეებიც იზრდება, შესაბამისად, ამ მორატორიუმით საფრთხეებს დავაზღვევთ“-, განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.

საკანონმდებლო განხილვებისას ინიციატივას მხარს არ უჭერდა "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო". 

„ეს არის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომელიც არ წაადგება ქვეყანას, ეს არის ეკონომიკურად საზიანო და ხელისუფლების სახეს ავლენს, რომელიც ზრუნავს არა ქვეყნის განვითარებაზე, არამედ პოპულისტური გზით საარჩევნო ქულების ჩაწერაზე,“ - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ. 

 

 

დღის ამბები