01 მაისი 2024,   11:00
ვრცლად
ახალი კადრები პოლიციის განყოფილებიდან - შიდა სათვალთვალო კამერებზე პაკელიანის ჩხრეკის კადრები ჩანს

არასათანადო მოპყრობისთვის ისანი-სამგორის პოლიციის მე-7 განყოფილების თანამშრომლების დასჯას შოთა პაკელიანი რამდენიმე თვეა ითხოვს, თუმცა უშედეგოდ. მის ბრალდებებს დღეს კონკრეტული მტკიცებულება დაერთო.

პოლიციის განყოფილების შიდა სათვალთვალო კამერების გადაღებულ მასალაში ჩანს, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ შოთა პაკელიანს პოლიციელთა საერთო სამუშაო ოთახში ჩხრეკის მიზნით ტანსაცმელი გარეშე პირების თანდასწრებით გაახდევინეს.

შოთა პაკელიანი დღეს ამბობს, რომ სამართალდამცავების მოთხოვნა მისთვის შეურაცხმყოფელი იყო და მხოლოდ ახლა გაარკვია, რომ გარეშე პირების თანდასწრებით დაკავებულის გაშიშვლება კანონდარღვევაა.

„ლიბერალის“ მიერ გავრცელებულ მასალაში დაკავებულის ცემის ფაქტი არ ჩანს. ყოფილი ბრალდებული დღეს ამბობს, რომ პოლიციელებმა ის შეგნებულად ისეთ ოთახში სცემეს, სადაც კამერა დამონტაჟებული არაა. კადრების გავრცელების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ მათი ხელმძღვანელის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

ისანი-სამგორის პოლიციის მე-7 განყოფილების თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას რამდენიმე თვეა პროკურატურაც სწავლობს, თუმცა შედეგი ამ დრომდე არ ჩანს. გამოძიება ახლა განყოფილებიდან ამოღებულ კადრებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.

შოთა პაკელიანის საქმეს დაკავების მომენტიდან სწავლობენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კანონდამრღვევი პოლიციელების დასჯას ითხოვს სახალხო დამცველიც.

შოთა პაკელიანი ნარკოდანაშაულისთვის 23 მარტს დააკავეს, სასჯელაღსრულების დაწესებულება კი ორ-თვიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა. პოლიციელების მიერ მის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე შოთა პაკელიანმა დაკავებიდან მალევე იჩივლა. 

დღის ამბები