27 აპრილი 2024,   00:04
ვრცლად
ოპოზიცია ხელისუფლებას რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ უმოქმედობაში ადანაშაულებს

ბერშუეთში საოკუპაციო ხაზის გადმოწევას და კიდევ 10 ჰექტარი მიწის ოკუპირებას ოპოზიცია აფასებს. მმართველი გუნდის ოპონენტები ხელისუფლებას მოუწოდებენ დაგეგმილი პოლიტიკა ჰქონდეს რუსეთის მიმართ და მხოლოდ რეაგირების რეჟიმში არ იყოს.

„რუსეთს რადგან წნეხი აქვს მოხსნილი საერთაშორისო ორგანიზაციებში, არავითარი ფასის გადახდა არ უწევს ამ პროვოკაციებში. ერთ დღეს საქართველოს მოქალაქეს გაიტაცებენ, მეორე დღეს 500 მეტრით გადმოწევენ საზღვარს, იციან, რომ ამაზე ფაქტობრივად, არ ექნება საქართველოს ხელისუფლებას,“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გრიგოლ ვაშაძემ.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია უკვე ჩვეულებრივი საკითხი გახდა, რაც მიუღებელია.

„რა თქმა უნდა, რუსეთს ჩვენ ვერ შევცვლით, მაგრამ ამას სჭირდება აღმოფხვრა და პრევენცია შეგვიძლია ბევრი აქტიური კონკრეტული ნაბიჯით როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე კი აცხადებს, რომ ოკუპაციას გმობს, თუმცა ამაში, პირველ რიგში, საქართველო ხელისუფლებას ადანაშაულებს.

„განსაკუთრებული პრეტენზია მაქვს სწორედ ჩვენს ხელისუფლებასთან, რომელიც ვერ ახერხებს, ელემენტარულად, რომ შეაჩეროს ეს პროცესი. ვერც მოახერხებს, როდესაც ეშინია დალაპარაკების, პირდაპირი კონტაქტის, როდესაც მას ეშინია საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვის,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით კი, მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს საკითხი საერთაშორისო დონეზე მოწინავე თემა იყოს. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ხელისუფლების რეაგირება რუსეთის ნაბიჯებზე, ადეკვატურია.

„ჩვენ ისევ საერთაშორისო რესურსის გამოყენებით უნდა ვიმოქმედოთ და ნაბიჯ-ნაბიჯ ვეცადოთ, რომ ეს პრობლემები გადაწყდეს,“ - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ.

დღის ამბები