18 მაისი 2024,   11:29
ვრცლად
სტრასბურგიდან მეორედ დაბრუნებული სია - ახალი კონკურსი და არასამთავრობოების კრიტიკა

ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი საქართველოში უკვე მესამედ უნდა ჩატარდეს. სტრასბურგმა საქართველოს მთავრობის მიერ დასახელებული 3 პრეტენდენტიდან 2 ისევ უკან დააბრუნა.

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სოფიო ჯაფარიძეს და შოთა გეწაძეს სტრასბურგში ასაკი და გამოცდილება დაუწუნეს.

თითქმის ერთი წლის განმავლობაში ერთადერთი კანდიდატი, რომელიც გასაუბრების ეტაპამდე მივიდა, გერმანიაში საქართველოს ელჩი, ლადო ჭანტურიაა.

ამჟამად პრემიერმინისტრის მრჩეველს, სოფიო ჯაფარიძეს, კონკურსს მიღმა დარჩენის გამო გული სწყდება, მაგრამ გადაწყვეტილების ობიექტურობაში ეჭვი არ შეაქვს.

მიუხედავად ამისა, დაწუნებული კანდიდატები აცხადებენ, რომ შესარჩევ კრიტერიუმებში ასაკი განსაზღვრული არ ყოფილა და ევროსასამართლოს მოსამართლედ გაცილებით ახალგაზრდა კანდიდატების დანიშვნის პრეცედენტიც დაუშვია.

ადამიანის უფლებების სპეციალისტი, დავით ჯანდიერი, რომელიც იუსტიციის მინისტრის კომისიამ კანდიდატად არ წარადგინა, აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა თავისი გადაწყვეტილებით ევროპელ ექსპერტებს არჩევანის შესაძლებლობა წაართვა.

კანდიდატების დაწუნების ფაქტი არასამთავრობო სექტორისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. არასამთავრობოები ხელისუფლებას ამგვარი შედეგის შესახებ დასაწყისშივე აფრთხილებდნენ. მათი აზრით, კომისიამ გამჭვირვალედ არ იმუშავა.

არასამთავრობოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სიის ორჯერ ზედიზედ ჩავარდნის პრეცედენტი ევროსასამართლოს ისტორიაში აქამდე არ ყოფილა. ეს გარემოება კი, მათი შეფასებით, ქვეყნის იმიჯზე ცუდად იმოქმედებს

იუსტიციის სამინისტრომ კონკურსისთვის მზადება უკვე მესამედ დაიწყო. კომისია განცხადებებს 25 აგვისტომდე მიიღებს.  

ამავე თემაზე
დღის ამბები