"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მეორე მოსმენიდან ორი კვირის შემდეგ, ოპოზიცია მმართველ გუნდს კანონში გარკვეული პუნქტების ფარულად ჩამატებაში ადანაშაულებს. საუბარია ჩანაწერზე, რომელიც ფიზიკურ პირებს ეხება. მმართველი გუნდის ოპონენტები ამტკიცებენ, რომ, ამ ჩანაწერთან დაკავშირებით, ინფორმაცია მათ სასესიო განხილვის დროს არ ჰქონიათ.
ოპონენტების ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს პირველი კანონმდებელი. პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ საკითხი დეპუტატებმა მეორე მოსმენის დროს განიხილეს, თუმცა ოპოზიცია, საქმიანი დისკუსიის ნაცვლად, ყვირილითა და მაგიდაზე ბრახუნით იყვნენ დაკავებული. შალვა პაპუაშვილის თქმით, ქართული კანონი ამერიკულ ვერსიაზე რბილია, შესაბამისად, რეგისტრაციას ფიზიკური პირები არ ექვემდებარებიან.
იმას, რასაც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, ადასტურებს სესიის ჩანაწერიც. მომხსენებელი, ანრი ოხანაშვილი სწორედ მეოთხე და მეცხრე მუხლებზე საუბრობს, თუმცა, ამ დროს ოპოზიცია ანრი ოხანაშვილს საუბარში ხელს უშლის, მოგვიანებით კი კითხვებსაც არ სვამს.
ოპოზიციის ნაწილი აღიარებს, რომ კანონპროექტში პუნქტების შინაარსზე ინფორმირებულები იყვნენ, თუმცა მმართველი გუნდის ოპონენტები ჩანაწერის ბუნდოვანებაზე საუბრობენ.
ოპოზიციის ბრალდებებმა მმართველი გუნდი დაარწმუნა, რომ მათ ოპონენტებს კანონი აქამდე არ წაუკითხავთ, მოგვიანებით კი არასწორად წაიკითხეს.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი, მესამე მოსმენით, პარლამენტში 14 მაისს მიიღეს. ინიციატივას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 30 კანონმდებელი იყო.
ავტორი: იზი ბურნაძე