17 მაისი 2024,   12:39
ვრცლად
სისხლიანი თავდასხმის ახალი გარემოებები - ბარსელონაში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ბარსელონას ტერაქტის მთავარ შემსრულებელს ესპანელი სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ. აჩერებენ და ჩხრეკენ ყველა მანქანას, ამოწმებენ საბუთებს, თუმცა ეჭვმიტანილის კვალზე ამ დრომდე ვერ გავიდნენ. გამოძიება მის ვინაობას დღემდე არ ასახელებს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, იძებნება რიპოლის მცხოვრები იუნის აბუიაკუბი. 22 წლის მაროკოელ ახალგაზრდას, დღეს მედიის საშუალებით, ოჯახის წევრებმაც მიმართეს და სთხოვეს, რომ პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდეს

როგორიც ირკვევა, იუნის აბუიაკუბი, კალაბრილსში მოკლულ და რიპოლში დაკავებულ ტერორისტებთან ერთად უფრო მასშტაბური ტერაქტის მოწყობას გეგმავდა.

ბიოლოგიური მასალის შემოწმებით, პოლიცია ცდილობს გაარკვიოს, იმყოფებოდა თუ არა აფეთქებისას ალკანარის თავშესაფარში სასულიერო პირი, რომელიც კატალონიელი ტერორისტული ქსელის მეთაურად და ბარსელონას ტერაქტების მთავარ იდეოლოგად მიიჩნევა. იმამი აბდელ- ბაკი ას-სატი რიპოლის მეჩეთში მსახურობდა, რომელსაც ხშირად სტუმრობდნენ ეჭვმიტანილები. 

ესპანური მედია კიდევ ერთ გარემოებაზე წერს, რომელმაც გამოძიებას შესაძლოა იმამის ბრალეულობაზე მიუთითოს. ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ სასულიერო პირმა და ტერორისტებმა ერთმანეთი 2012 წელს ესპანეთის ციხეში გაიცნეს, სადაც იმამი სასჯელს საემიგრაციო კანონმდებლობის დარღვევისთვის იხდიდა. ამავე საპატიმროში იხდიან სასჯელს ტერორისტებიც, რომლებიც 2004 წლის მადრიდის ტერაქტების ორგანიზებისა და 193 ადამიანის მკვლელობისთვის გაასამართლეს.

ესპანეთის ტერაქტის მსხვერპლთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. ცოტა ხნის წინ, საავადმყოფოში 7 წლის ჯულიან კადმანი გარდაიცვალა, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში დაკარგულად მიიჩნეოდა.

დღის ამბები