17 მაისი 2024,   12:41
ვრცლად
თეა წულუკიანი სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატის, კოტე ვარძელაშვილის, გასაუბრებას არ დაესწრო

იუსტიციის სამინისტროში სტრასბურგისთვის წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა დასრულდა. კონკურსი კრიტიკისა და მესამე სექტორის მხრიდან ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობდა.

სულ ცოტა ხანში ცნობილი გახდება იმ ორი ადამიანის ვინაობა, რომელსაც კომისიის წევრები საქართველოს მთავრობას გადაუგზავნიან დასამტკიცებლად. ამის შემდეგ კი კანდიდატები სტრასბურგს გადაეგზავნება.

გასაუბრებაში მონაწილეობა შვიდმა კონკურსანტმა მიიღო, ხოლო მერვე კანდიდატი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ნინო ბაქაქური, კონკურსს საკუთარი სურვილით გამოეთიშა.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს წევრობის კანდიდატი, ოთარ სიჭინავამ, მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

ლალი ფაფიაშვილმა კი განაცხადა, რომ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით კომისიის წევრებმა კითხვები დაუსვეს.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს წევრობის კანდიდატის გასაუბრებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არ დასწრებია, რადგან თავად ვარძელაშვილმა კომისიის რამდენიმე წევრის აცილება მოითხოვა.

„იუსტიციის მინისტრმა თავად აღარ მიიღო მონაწილეობა შეხვედრაში, გასაუბრებაში. თუმცა, ჩემთვის გაუგებარი არის, როგორ წარიმართება ამის მერე შეფასება, როგორ წარიმართება კენჭისყრა. ვინაიდან, უბრალოდ, ამ მხრივ, გამოაკლდა ერთი წევრი. ისევე როგორც გამოკლებულები არიან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და თქვენ იცით, რომ გადაწყვეტილება მიიღება გარკვეულწილად ქულების დაჯამების გზით. მართალი გითხრათ, არც მესმის, როგორ შეიძლება, გადაწყვეტილება მიიღოს კომისიამ,“ - განაცხადა კონსტანტინე ვარძელაშვილმა.

კომისიის შემადგენლობა გუშინ არასამთავრობოებმა დატოვეს. ხოლო სახალხო დამცველი კომისიის შემადგენლობაში დარჩა.  

დღის ამბები