17 მაისი 2024,   12:20
ვრცლად
საკრებულოს უმრავლესობის წევრი დააკავეს - საკრებულოს ოპოზიცია ზურაბ ნეფარიძის ნასამართლეობაზე საუბრობს

საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ზურაბ ნეფარიძე, ბრალს არ აღიარებს. საკრებულოს უმრავლესობის წევრი ანტიკორუფციულმა სააგენტომ თავისივე სამაჟორიტარო ბიუროში დააკავა.

წინასწარი ინფორმაციით, ზურაბ ნეფარიძეს სამართალდამცველები ქრთამის აღებას ედავებიან. ნეფარიძე მის დაკავებას თანაგუნდელებთან პოლიტიკურ დაპირისპირებას უკავშირებს.

ზურაბ ნეფარიძე საკრებულოში ეროვნული ფორუმის კვოტით მოხვდა. დღეს ფრაქციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დაკავებული პარტია ეროვნული ფორუმიდან გარიცხეს. ამის შემდეგ კი ზურაბ ნეფარიძემ აქტიური თანამშრომლობა მმართველ გუნდთან დაიწყო.

ისნის მაჟორიტარის დაკავება დღეს მხოლოდ ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენლებმა შეაფასეს. დეპუტატები იხსენებენ, რომ ზურაბ ნეფარიძე თაღლითობისთვის წარსულშიც არის ნასამართლევი.

ის პოლიტპატიმრის სტატუსით ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 2013 წელს გაათავისუფლეს.

საქმის მასალების გასაცნობად მისი ადვოკატი ე.წ. მოდულის შენობაში დღის ბოლოს მივიდა.

ოფიციალური განცხადება ანტიკორუფციულ სააგენტოს ამ დრომდე არ გაუკეთებია. დაკავებული დეპუტატისთვის ბრალის წარდგენის ვადა ხვალ 4 საათზე იწურება.

დღის ამბები