17 მაისი 2024,   12:39
ვრცლად
კახი კალაძე დღეიდან საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად იწყებს

ქართული ოცნების მერობის კანდიდატი, კახი კალაძე, დღეიდან საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად იწყებს. თბილისის მერობის კანდიდატმა რამდენიმე წუთის წინ საარჩევნო შტაბი გახსნა.

„თბილისის მერობის კანდიდატად ჩემი დასახელება ძალიან დიდი პატივი და ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობაა. მე ძალიან კარგად მაქვს გააზრებული და გათვითცნობიერებული, თუ რას ნიშნავს იყო თბილისის მერი... ეს გამოცხადებული ნდობა მაძლევს ძალას გადავლახო ნებისმიერ გამოწვევა, საკუთარი წვლილი შევიტანო ჩვენი ქალაქის, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში,“ - აცხადებს კახი კალაძე.

კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ თბილისში კვლავ არაერთი პრობლემაა მოსაგვარებელი და დაამატა, რომ „თბილისი უნდა ვაქციოთ ჯანსაღ, სიმწვანით სავსე ქალაქად“.

თბილისის მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს არჩევნების დღეს აქტიურობისკენ მოუწოდა.

„დარწმუნებული ვარ, თბილისელები გამოიჩენენ მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას. აუცილებლად მოვლენ არჩევნებზე და დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას,“ - განაცხადა კახი კალაძემ.

კახი კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, არჩილ თალაკვაძე, იქნება. კალაძის თქმით, თბილისის ყველა რაიონშია საარჩევნო შტაბი გახსნილი. მისი თქმით, უახლოეს მომავალში საარჩევნო პროგრამის საზოგადოებისთვის გაცნობას დაიწყებს.

კახი კალაძემ ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძარზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ერთად დგომით ყველაფერი არის შესაძლებელი“.

დღის ამბები