17 მაისი 2024,   11:10
ვრცლად
ევრომოსამართლეობისთვის შერჩეული კანდიდატებიდან ყველაზე მაღალი ქულა რუსთავი2-ის საქმის განმხილველმა მოსამართლემ მიიღო

იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა კომისიამ მესამე ცდაზე სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატად ოთხი მოსამართლე შეარჩია, რომელთა სიასაც მთავრობას გადაუგზავნის.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ლალი ფაფიაშვილი, სააპელაციო სასმართლოს მოსამართლე თამარ ალანია, მოსამართლე ოთარ სიჭინავა და იურისტი იოსებ ბაჩიაშვილი მათ მიერ შერჩეული კანდიდატები არიან.

ლალი ფაფიაშვილი, რომელიც კომისიამ ყველაზე მაღალი ქულით შეაფასა, საკონსტიტუციო სასამართლოში რუსთავი2-ის საქმეს განიხილავდა. ის იყო ერთ-ერთი მოსამართლე, რომელსაც არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებდა. 

თეა წულუკიანის კომისია სტრასბურგში აგზავნის რუსთავი2-ის საქმის განმხილველ კიდევ ერთ მოსამართლეს, ოთარ სიჭინავას. 

4-კაციან სიაში მოხვდა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ალანიაც. 4 წლის განმავლობაში ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო და საბჭოს მაშინდელი მდივნის, ლევან მურუსიძის, აქტიურ მხარდამჭერად ითვლებოდა.

იუსტიციის მინისტრი ფიქრობს, რომ მესამე ცდაზე, ამჯერად სტრასბურგში წარსადგენი ის მოსამართლეები შეარჩია, რომლებიც ევროსასამართლოს კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. ყველაზე მაღალი ქულით წულუკიანმა რუსთავი2-ის საქმის მოსამართლე ლალი ფაფიაშვილი შეაფასა.

სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი, აცხადებს რომ კომისიის სამთავრობო წევრებმა გადაწყვტილება სუბიექტურად მიიღეს.

ევროსასამართლოს მოსამართლეობის მსურველი სულ 8 კანდიდატი იყო, თუმცა, გასაუბრებაზე 7 გავიდა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ბაქაქურმა, კონკურსში მონაწილეობა არ მიიღო და არც მიზეზები არ განმარტა. 

დღის ამბები